ახალი ამბები

ვესტერველე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

15 მარტი, 2012 •
ვესტერველე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გუიდო ვესტერველე სასტუმრო “რედისონში” ქართული ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით უსუფაშვილი, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი რაკლი ალასანია, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრი მაგდა ანიკაშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, საია-ს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და პოლიტოლოგი გია ნოდია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ვესტერველეს პრესისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.

დავით უსუფაშვილის თქმით, მათ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია კონტროლის პალატის მიერ საქართველოს რეგიონებში მოქალაქეების დაკითხვის თაობაზე:

“ასევე განხილვის მთავარი თემა იყო ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები. გერმანიის მხრიდან დიდია ინტერესი საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების გამართვის შესახებ. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოში ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოვლინებას. შესაბამის ფინანსური მხარდაჭერისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა ეს არ მოხდება, თუ საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში არ გააგზავნის სპეციალურ მოწვევას ეუთოს სადამკვირვებლო მისიის სახელზე,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პოლიტოლოგ გია ნოდიას თქმით, შეხვედრის დროს განხილული იქნა ბოლო დროს საქართველოში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები:

“კერძოდ, ის, რომ ქვეყანა გადადის საპარლამენტო მოდელზე. მე, როგორც ექსპერტმა, ამ საკითზე მას კომპეტენტური ინფორმაცია მივაწოდე,” – განაცხადა ნოდიამ.

“ჩვენ მიერ დაყენებული იყო ქვეყაანში კორუფციული ვითარების შესახებ, მათ მივაწოდეთ ბოლო დროს ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები და ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს ამ კუთხით ქვეყანაში,” – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ოპოზციასთან შეხვედრამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. მოგვიანებით კი თავის ქართველ კოლეგასთან ერთად ბრიფინგი გამართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი