ახალი ამბები

სტუდენტთა ცემის ფაქტზე პოლიცია გაფრთხილებით შემოიფარგლა

15 მარტი, 2012 •
სტუდენტთა ცემის ფაქტზე პოლიცია გაფრთხილებით შემოიფარგლა

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინა რა ჩხუბში მონაწილეთა ასაკი, უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შემოიფარგლა ახალგაზრდებისთვის გამამრთხილებელი ოქმის შედგენით. აღნიშნული ოქმით სტუდენტებს პოლიციამ მოუწოდა კანონიერებისა და მართლწესრიგისკენ და  გააფრთხილა ისინი, რომ ზემოაღნიშნული ფაქტის განმეორების შემთხვევაში პოლიცია მიმართავს კანონით გათვალისწინებულ უფრო მკაცრ ზომებს,” – დღეს, 15 მარტს, ასე გამოეხმაურა საქართველოს შინაგან სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიოტეტში სტუდენტების ცემის ფაქტს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტისა და ბლოგერის, თორნიკე უსტარაშვილის მეგობრები აცხადებენ, რომ ისინი ”სტუდენტურ ბლოგზე” გამოქვეყნებული თვითვმმართველობის მამხილებელი ინფორმაციის გამო 14 მარტს თსუ-ს მესამე კორპუსში, თვითმმართველობის ოთახში სცემეს.

სტუდენტური ბლოგის დამფუძნებელმა თორნიკე უსტარიშვილმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ მისი ორი მეგობარი – ზვიად მამფორია და გიორგი კოპალეიშვილი – თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა დღეს, 14 მარტს სცემეს.

“დაახლოებით ნახევარი საათის წინ ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან მოვდიოდი ჩემს მეგობრებთან ერთად. უცბად დაახლოებით რვა კაცი გარს შემოგვეხვია და გვერდზე გავიდეთო. ძალის გამოყენებით ჩემი ორი მეგობარი გაყვანეს მესამე კორპუსისკენ, მე მანამდე პატრულის გამოძახება მოვასწარი. სანამ მოვიდა ეკიპაჟი, აღმოჩნდა, რომ ჩემი ორი მეგობარი სცემეს, ერთ-ერთს თავი აქვს გატეხილი. თავბრუსხვევები აქვს, როგორც ჩანს, ტვინის შერყევა აქვს მიღებული. მათგან ორის ამოცნობა შეგვიძლია ერთ-ერთი იყო ბექა ახლოური, თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი, და მეორე იყი დათო ხეჩიკაშვილი, ასევე თვითმმართველობიდან. მათი მხრიდან იყო მუქარები – თუ კიდევ გააგრძელებთ წერას ბლოგზე და ა.შ. ამ წუთებში პატრული და სასწრაფო დახმარების მანქანაა უნივერსიტეტთან და ოქმებს ადგენენ. -ამბობს უსტარაშვილი.

უსტარაშვილის ნაცემმა მეგობარმა, ზვიად მამფორიამ კი ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ თვითმმართველობის წევრებმა ის და გიორგი კოპალეიშვილი თსუ-ს მესამე კორპუსის ნულოვან სართულზე სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. უნივერსიტეტის დაცვა კი მხოლოდ საპატრულო პოლიციის მოსვლის შემდეგ გამოჩნდა.

თსუ-ს დაცვის სამსახურის წევრებმა, კითხვაზე, რატომ ვერ შენიშნეს სტუდენტების ცემის ფაქტი უნივერსიტეტში, ”ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ”დაცვის სამსახური მოწოდების სიმაღლეზე იყო” და თუ რა მოხდა, სამართალდამცავები გაარკვევენ.

”სტუდენტურმა ბლოგმა” არაერთხელ გამოაქვეყნა თსუ-ს თვითმმართველობის წევრების ”ფეისბუქზე” მიმოწერის ამსახველი ე.წ. სქრინშოთები, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული სტუდენტები ერთმანეთს არიგებდნენ, თუ როგორ მიეღოთ პრივილეგირებული სამუშაო ადგილები სტუდენტთა დასაქმების პროგრამაში და  როგორ ეწარმოებინათ ანტიოპოზიციური ინტერნეტკამპანია.

ამავე თემაზე:

კვიტაშვილი უნივერსიტეტში ცემის ფაქტის ბოლომდე გამოძიებას ითხოვს

სტუდენტები თავიანთი ცემის შესახებ


მასალების გადაბეჭდვის წესი