ახალი ამბები

მულტიმედიური ცენტრი – უნიკალური შანსი სტუდენტებისთვის

15 მარტი, 2012 •
მულტიმედიური ცენტრი – უნიკალური შანსი სტუდენტებისთვის
აშშ–ის განვითერების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” ფარგლებში განათლების მულტიმედიური ცენტრი გაიხსნა. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)  და “რადიო თავისუფლების” მედია–სკოლის სტუდენტები პრაქტიკულ გამოცდილებას ამ ცენტრში მიიღებენ.

პროგრამას საერთაშორისო კვლევისა და გაცვლის საბჭო (IREX) ახორციელებს. ცენტრი მოიცავს S.M.A.R.T. მედია ლაბორატორიას, საკლასო ოთახებს, სადისკუსიო სივრცეს და კაფეს. ცენტრი მრავალპლატფორმიანი სამოქმედო სივრცეა. საკლასო ოთახები  ციფრული ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. სტუდენტებისთის განკუთნილია 50 სამუშაო ადგილი, რომელიც Macbook Pro-სა და Adobe Master  Collection–ითაა აღჭურვილი. ხელმისაწვდომია ვიდოკამერები, მიკროფონები, აუდიოჩამწერები, Ipad–ები და სხვა მობილური მოწყობილობები.

“რადიო თავისუფლების”  პრეზიდენტმა სტივ კორნმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ცენტრში განხორციელებული ტრენინგები ჟურნალისტების პროფესიონალიზმს გაზრდის და ეს საბოლოო ჯამში მედიისთვის დიდი სარგებელი იქნება:

“ჩვენ კარგი კადრების აყვანით ვართ დაინტერესებული, ვფიქრობ, ამ სკოლის დამთავრება რადიო “თავისუფლებაში” დასაქმების კუთხით ჟურნალისტისთვის დიდი პლუსი იქნება”.

რადიო “თავისუფლების” სკოლაში 2 პროგრამა ხორციელდება, ერთწლიანი სასერთიფიკატო პროგრამა და ორთვიანი სტაჟირების პროგრამა. ორთვიანი სტაჟირების პროგრამისთვის უკვე აპლიკაციების მიღებაც და გასაუბრებაც დასრულდა. ერთწლიანი სასერთიფიკატო პროგრამაზე კი აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 20 მარტამდეა.

სტაჟირების პროგრამა ყოველ ორ თვეში 10 სტუდენტის სტაჟირებას ითვალისწინებს, ხოლო ერთწლიანი სასერთიფიკატო პროგრამაზე 20 ადგილია გათვალისწინებული. 2-თვიანი სტაჟირების ღირებულება 70 დოლარია, ხოლო ერთწლიანის –1000 დოლარი.

რადიო “თავისუფლების” სკოლაში რადიოს გამოცდილი ჟურნალისტები ასწავლიან, როგორც ქართველი, ისე უცხოელი კოლეგები. ერთწლიანი პროგრამა 2 სტიპენდიას ითვალისწინებს, ერთს –რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის და მეორეს– მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის. სტაჟირების პროგრამაში კი ერთი სტიპენდიაა გათალისწინებული.

რადიო “თავისუფლების” საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე აღნიშნავს, რომ ორთვიანი სტაჟირების პროგრამა იმისთის გაკეთდა, რათა ყველა სტუდენტისთის იყოს შესაძლებელი უმაღლესი სტანდარტებით მოწყობილ ნიუსრუმში მუშაობის გამოცდილების მიღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი