ახალი ამბები

“ქართულმა ოცნებამ” მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

30 ივლისი, 2016 • 1598
“ქართულმა ოცნებამ” მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 29 ივლისს “ქართული ოცნების” მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

მცხეთაში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე იქნება:

“ბატონი დიმიტრი გახლავთ პარლამენტარი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი აქტიური წევრი და გამორჩეული დეპუტატი. ის არის არაერთი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი. მცხეთელები კარგად იცნობთ მას, დარწმუნებული ვარ, რომ მას თქვენი მხარდაჭერა ექნება და თქვენ ღირსეული წარმომადგენელი გეყოლებათ საქართველოს პარლამენტში”, – განაცხადა  გიორგი კვირიკაშვილმა.

ხოლო, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი იქნება:

“არც მას სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. ზაქრო ამ კუთხის შვილია, მთიანეთის ნამდვილი პატრიოტია და დარწმუნებული ვარ, არ მოგაკლებთ ყურადღებას”, -განაცხადა კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ რახან  სამი რაიონი გაერთიანდა, ყაზბეგის, სტეფანწმინდისა და დუშეთის რაიონებს წარმომადგენლობა პროპორციულ საპარლამენტო სიაში ეყოლებათ.

“აქ, ამ წმინდა მიწაზე ჩვენ ფიცს ვდებთ, რომ მოვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, თითოეული თქვენთაგანის ინტერესს და საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება. ამის წინაპირობა, პირველ რიგში არის თქვენი მხარდაჭერა და ყველა ჩვენგანის ძალისხმევა ჩვენი ქვეყნის უკეთსი მომავლისთვის,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი