ახალი ამბები

Reuters: ობამას რეიტინგი 50%–ია

14 მარტი, 2012 •
Reuters: ობამას რეიტინგი 50%–ია

რეიტერი წერს, რომ ივლისის შემდეგ პირველად, ობამას პოლიტიკურ საქმიანობას ამერიკელთა დაახლოებით 50 % მიესალმება. შედეგი Reuters/Ipsos გამოკითხვით დადგინდა.

გამოკითხვა 8–11 მარტს ჩატარდა, ობამას რეიტინგი გასული თვის შემდეგ 2 %–ით გაიზარდა. იმ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელთაც დემოკრატი პრეზიდენტი არ მოსწონთ, 48%–ია, ადრე ეს ციფრი 49%–ს უტოლდებოდა.

სხვა გამოკითხვებმა ობამას რეიტინგის დაწევა აჩვენეს, რაც ბენზინზე ფასის გაზრდას უკავშირდება. თუმცა ამერიკელთა დიდი ნაწილი ამერიკაში მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებს პოზიტიურად აფასებს.

“ეკონომიკა ვითარდება”– აღნიშნავს Ipsos მკვლევარი ქლიფ იანგი. “არა ყოველდღიურად ან საათობრივად, მაგრამ ხალხი გრძნობს ცვლილებებს”. გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ნდობა ქვეყნის მიმართულების მიმართ ამერიკელებში გაიზარდა.  გამოკითხულთა 37%–ს მიაჩნია, რომ ამერიკა სწორი მიმართულებით მიდის, როცა ეს ციფრი თებერვალში 32% იყო.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ რესპუბლიკელებიდან რუმნი აჯობებს დანარჩენ 3 კანდიდატს და სწორედ ის იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი. თუმცა მას ჯერ კიდევ არ აქვს რესპუბლიკელების აბსოლუტური მხარდაჭერა მოპოვებული, ამიტომ ნაადრევია ცალსახად იმის თქმა, რომ ობამას კონკურენტი 6 ნოემბერს სწორედ ის იქნება.

რუმნის მხარდაჭერა რესპუბლიკელების მხრიდან 37%–ია, ხოლო მისი კონკურენტის, პენსილვანიის ყოფილი სენატორის რიკ სანტორუმის მხარდაჭერა 32%–ით განისაზღვრება.  ნიუტ გრინგიჩს 12 % უცხადებს მხარდაჭერას, რონ პოლი კი 11%–ს მოსწონს.

რუმნის რეიტინგი 8%–ით გაიზარდა, მაშინ, როცა სანტორუმის რეიტინგი, რომელმაც კონსერვატორების მხარდაჭერა რელიგიურ და სოცილაურ საკითხებზე გაკეთებული კომენტარებით მოიპოვა, 14 %–ით გაიზარდა.

გამოკითხვის ფარგლებში  1 084 ადამიანი გამოიკითხა, 554 რეპონდენტი თავს დემოკრატად ასახელებდა, ხოლო  421 თავს რესპუბლიკელად აცხადებდა. 109 გამოკითხული კი თავს დამოუკიდებლად თვლის. ჯამში, 937 რეგისტრირებული ამომრჩეველი გამოიკითხა. ცდომილება ყველა რესპონდენტის შემთხვევაში პლუს/მინუს 3.1 პროცენტია,  დარეგისტრირებული რესპონდენტების შემთხვევაში –3.3%, დემოკრატების შემთხვევაში– 4.2%, რესპუბლიკელებში– 4.9% და დამოუკიდებელ რესპონდენტებში– 9.8%.

მასალების გადაბეჭდვის წესი