ისრაელი და საქართველო ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებენ ჯვრის მონასტრის საქართველოზე გადმოცემის თაობაზე მოლაპარაკებების შესახებ.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იაგილ პალმორმა და ისრაელის საპატრიარქოს წარმომადგენელმა ბიდზ მანცურმა კიდევ ერთხელ უარყვეს ოფიციალური თბილისის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჯვრის მონასტრის დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე. აღნიშნულის შესახებ ებრაული ინტერნეტგამოცემა “იზრუსი“ იუწყება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათს განაცხადა, რომ ისრაელში ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამართავს მოლაპარაკებებს მონასტრის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
“იზრუსი”–ს ცნობით, ისრაელის საპატრიარქოს წარმომადგენელმა ბიდზ მანცურმა უარყო აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება.
თუმცა ოფიციალური თბილისი ისევ იმეორებს თავის ვერსოას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პრესსამსახურის ცნობით, ისრაელში ვიზიტად მყოფმი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ჯვრის მონასტრის დაბრუნებასთან ადაკავშირებით ისრაელის რელიგიის საკითხებში მინისტრ იაკობ მარგს შეხვდა.
“ბუნებრივია, რომ ჯვრის მონასტერი არის იერუსალიმის საპატრიარქოს მფლობელობაში და, რა თქმა უნდა, ჩვენ მათთან ვაწარმოებთ ძირითად მოლაპარაკებებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისრაელის სახელმწიფო და ისრაელის მთავრობა იყოს ადეკვატურად ინფორმირებული და ჩართული ამ პროცესში, ვინაიდან სწორედ ისრაელის სახლემწიფოს ტერიტორიაზე მდებარეობს მონასტერი და ამ სახელმწიფოს მთავრობის პოზიციას ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისრაელის მთავრობა იყოს ინფორმირებული და მხარს უჭერდეს ამ პროცესს. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ რელიგიის საკითხებში მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე. მან აღნიშნა, რომ საკუთარი კომპეტენციისა და მანდატის ფარგლებში მზად იქნება, შეეცადოს დაგვეხმაროს, მოძებნილი იქნას ყველა მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება”, – დავით ბარქაძის ეს კომენტარი პარლამენტის ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული.
შეგახსენებთ, ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 25 თებერვალს განაცხადა.