დღეს, 14 მარტს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკიმ გახსნა ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ ქართველი ბიზნესმენებისათვის ორგანიზებული ორდღიანი კონფერენცია ბიზნესის განვითარებისა და ფრენჩაიზინგის თემაზე.
კონფერენცია, რომელიც გამიზნულია 30 ბიზნეს-ლიდერის, სამთავრობო ორგანიზაციისა და ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლისათვის, 14-15 მარტს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” იმართება.
კონფერენცია, სახელწოდებით “ბიზნესის წარმოება შეერთებულ შტატებთან”, მიზნად ისახავს ქართველი ბიზნესმენებისათვის იმ ცოდნის გაზიარებას, რომელიც მათ ამერიკულ კომპანიებთან სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარებაში დაეხმარება. აღნიშნული კონფერენცია ნაწილია იმ ფართომასშტაბიანი მხარდაჭერისა, რასაც აშშ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ახორციელებს. კონფერენცია ესადაგება პრეზიდენტ ობამასა და პრეზიდენტ სააკაშვილის შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების თემაზე მაღალი დონის დიალოგის გამართვის შესახებ.





