ახალი ამბები

რატიანი: გადაუწყვეტელების ხმები ოპოზიციაზე ნაწილდება, “ოცნება” არჩევნებს აგებს

29 ივლისი, 2016 • 1489
რატიანი: გადაუწყვეტელების ხმები ოპოზიციაზე ნაწილდება, “ოცნება” არჩევნებს აგებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის განცხადებით, NDI-ის ახალ კვლევაში ქართული ოცნების 2%-ით გაზრდილი რეიტინგი შესაძლოა კვლევის +/- 2%-იან ცდომილებას უკავშირდებოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება არ არის გაჩერებული.

“მოდით ასე ვთქვათ: ჯერ ერთი, +/- 2% ცდომილების ფარგლებიც არის და ასე მერყეობს ხოლმე. საზოგადოება არ არის გაჩერებული და ცდომილებაც არის. თუ გახსოვთ, შარშან სექტემბერში იყო 15-14 %-ზე, ამის მერე კიდევ შეიცვალა. ესე იგი, 2-3 %-ია რეალურად ცვლილება. როდესაც ეგრეა, ყველა სხვა არჩევნების და სოციალური გამოკვლევების გათვალისწინებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება დღეს არჩევნებს აგებს. ამიტომ, სხვა კვლევებისგან განსხვავებულს, პრინციპულად ვერაფერს ვხედავ. ერთ ნიუანსია, რომ მესამე პოზიციაზე პარტია საერთოდ არ არსებობს. როგორც ჩანს, შეიძლება მესამე-მეოთხე პოზიციაზე მყოფი პარტიების ამომრჩეველი უფრო გადაიწია ისევ ქართული ოცნებისკენ. შეიძლება, რომ ასეც იყოს, მაგრამ ძალიან თეორიულად. ყოველ შემთხვევაში, ფაქტობრივად შეფასება ისეთია, რომ იგივეა: როდესაც 2, 3, 5 პროცენტი შეიძლება იყოს მთავარ ოპოზიციურ პარტიასა და მმართველ პარტიას შორის სხვაობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არჩევნებს აგებს,” – აცხადებს რატიანი ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისი თქმით, ამომრჩევეთა 57%, რომელსაც გადაწყვეტილი არ აქვს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემს ხმას, ეს ხმები ნაწილდება ოპოზიციურ პარტიებზე:

“როდესაც გადაწყვეტილი არ აქვთ და არ ამბობენ, თუ ვის აძლევენ ხმას, როგორც წესი, ეს ხმები ნაწილდება ოპოზიციურ პარტიებზე. გამოცდილება გვაჩვენებს ამას. რასაკვირველია, მთავარი ის არის, რომ ჩვენი პროგრამა ხალხამდე მივიტანოთ. ბუნებრივია, სამუშაო ბევრი გვაქვს.”

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ივნისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ყველა გამოკითხული რესპონდენტის 17% პასუხობს, რომ “ქართულ ოცნებას”, 13% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

გამოკითხულთა 38% ამბობს, რომ არ იცის; 14%-მა უარი განაცხადა პასუხზე. ხოლო 5% ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ დაუჭერდა მხარს. გამოკითხულთა 4% ამბობს, რომ მხარს დაუჭერდა პაატა ბურჭულაძის მოძრაობას “სახელმწიფო ხალხისთვის”, 3% – პატრიოტთა ალიანსს და 7% – სხვა პარტიებს. ოდნავ განსხვავებულია ამავე შეკითხვაზე იმ რესპონდენტების აზრი, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა: მათი 19% უჭერს მხარს ქართულ ოცნებას, 14% – ენმ-ს, 4-4% ბურჭულაძის მოძრაობას და პატრიოტთა ალიანსს, ხოლო 35%-მა არ იცის.

გამოკითხულთა 57%-ს არა აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს მიიღებდით თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, გამოკითხულთა 67% ამბობს, რომ სავარუდოდ მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 33% – სავარაუდოდ არ მიიღებს.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას დღეს,სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, 2016 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი გააცნეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო. კვლევის ცდომილება +/- 2%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი