ეროვნული პლატფორმა ევროკავშირს თხოვს, ხელი შეუწყოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარგზავნას. გარდა ამისა, ეროვნული ფლატფორმა ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობასთან ოფიციალური კომუნიკაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ახალ კანონმდებლობას.
სწორედ ეს ორი მთავარი მესიჯია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის სპეციალურ წერილში, რომელიც გაეგზავნა– გაფართოების საკითხებში ევროკომისარს შტეფან ფულეს, დანიის პრემიერ–მინისტრს ჰელე თორნინგ შმიდტს და დანიის ევროპის საკითხთა მინისტრს ნიკოლაი ვამენს.
“2012 წლის თებერვალში, ფართო კონსენსუსის საფუძველზე, 200–ზე მეტმა სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტმა, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენელმა და ასევე 1500–მა მოქალაქემ ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში ახალი ცვლილებების განხორციელებას ითხოვს, ვინაიდან ბოლოდროინდელი რეგულაციები აუარესებს საარჩევნო გარემოს, ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური აქტივობის თავისუფლებას და ამომრჩეველთა წინააღმდეგ მძიმე და გაუმართლებელი პასუხისმგებლობის დაკისრების საშუალებას იძლევა, რაც, თავის მხრივ, იწვევს ე.წ. “მსუსხავ ეფექტს” სიტყვის თავისუფლებისა და სამოქალაქო ჩართულობის თვალსაზრისით. აღნიშნულ მოსაზრებას ეხმიანება მშვიდობიანი შეკრების და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელის განცხადება (2012 წლის 13 თებერვალი) და სხვა საკითხებთან ერთად ხაზს უსვამს, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობა „არათანაბარ პოლიტიკურ სამოქმედო ველს“ ქმნის.”– აღნიშნულია ფულესადმი გაგზავნილ წერილში.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 17 თებერვალს პარლამენტს წარედგინა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება– კანონპროექტის პაკეტი. 2 მარტს კანონპროექტის პაკეტს გაეცნენ უცხოელი დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების, აგრეთვე, არასმთავრობო და მედია–ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს პარლამენტი ჩაერთო სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებში და საკანონმდებლო ინიციატივის ცალკეული დებულებებისა და კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების საკითხის განხილვის პირობა დადო.
ეროვნული პლატფორმა, მიმდინარე პროცესიდან გამომდინარე, ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობასთან ოფიციალური კომუნიკაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ახალ კანონმდებლობას, მათ შორის 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით შემუშავებულ რეკომენდაციებს.
გარდსა ამისა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისს თხოვნით მიმართეს, რომ მხარი დაუჭირონ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამინის უფლებათა დაცვის ოფისის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარგზავნას საქართველოში. ამის გარდა, 28 თებერვალს პრეზიდენტმა საპარლამენტო გამოსვლისას დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა 2012 წელს გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესახებ და მონიტორინგის პროცესში მაქსიმალურად ჩართვის მიზნით ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები მოიწვია.
“აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოების აქტორთა ინიციატივას და საქართველოს მთავრობას მოუწოდოთ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისს (OSCE/ODIHR) შესაბამისი მოსაწვევით მიმართოს.”– აღნიშნულია წერილში.
გაფართოების საკითხებში ევროკომისრისადმი გაგზავნილ წერილს პლატფორმის 51 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, მათ შორის, “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “ფონდი ღია საზოგადოება საქართველო”, “ლიბერალური აკადემია” და სხვა. წერილი ფულეს გუშინ გაუგზავნეს.