ნეტგაზეთი | “გამჭვირვალობა” მთავრობას მოუწოდებს პროექტების რეკლამირებისგან თავი შეიკავოს “გამჭვირვალობა” მთავრობას მოუწოდებს პროექტების რეკლამირებისგან თავი შეიკავოს – Netgazeti

“გამჭვირვალობა” მთავრობას მოუწოდებს პროექტების რეკლამირებისგან თავი შეიკავოს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, ტელევიზიებში ხშირად გვხვდება ვიზუალური მასალა სხვადასხვა საჯარო უწყებების მიღწევების შესახებ, რაც ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს ატარებს.

“ტელევიზიებით და სოციალური ქსელებში ხშირად გვხვდება ვიდეო რგოლები და სხვა სახის ვიზუალური მასალა, რომელშიც მოთხრობილია მთავრობის, ან სხვა საჯარო უწყებების მიღწევების თუ სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მხრიდან შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პარტიის საარჩევნო რეკლამა, ეს კი, თავის მხრიც, ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს ატარებს. დამატებით პრობლემაა თუ ასეთი ვიდეორგოლები სოციალური რეკლამის სტატუსით არის განთავსებული მაუწყებლებში,” – აღნიშნულია ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში.

“სართაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, მსგავსი პრობლემა წინა წლებშიც იდგა და  2013 წლის გაზაფხულზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას და საზოგადოებრივ მაუწყებელს, წინასაარჩევნო პერიოდში შეეჩერებინათ სოციალური რეკლამის სტატუსით ეთერში იმ ვიდეორგოლების განთავსება, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს ასახავდა და შეიძლებოდა საარჩევნო რეკლამად აღქმულიყო.

” მართალია სოციალურ რეკლამის სტატუსით განთავსება არ ხდება, თუმცა მთავრობის უწყებების მიერ განთავსებული, ბიუჯეტიდან დაფინანსებული რგოლების წინასაარჩევნო რეკლამად აღქმის პრობლემა ისევ არსებობს. ”

 

ამ კონტექსტში “გამჭვირვალობას” მაგალითად მოჰყავს საყოველთაო ჯანდაცვისა და საყოველთაო  ინტერნეტიზაციის პროექტები, ასევე მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის გამარტივება, ყურძნის სუბსიდირება, დევნილებისთვის სახლების გადაცემა და ა.შ.

ეს არასრული ჩამონათვალია იმ სარეკლამო ხასიათის ვიდეო და ფოტომასალიდან, რომელსაც სოციალური ქსელებით ავრცელებს მთავრობა და სხვადასხვა სამინისტრო.

“კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი სახის ადმინისტრაციული რესურსი არ იქნეს გამოყენებული საარჩევნო მიზნებით, მიუხედავად იმისა, ასეთი ქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგება თუ არა კანონს. საქართველოს „საარჩევნო კოდექსი” საკმარისად ვერ არეგულირებს ამ საკითხს და კრძალავს მხოლოდ ბიუჯეტიდან დაფინანსებული ისეთი ვიდეორგოლების ან სხვა მასალის გავრცელებას, რომელშიც ფიგურირებს საარჩევნო სუბიექტი და მისი რიგითი ნომერი . ჩვენ მიერ მოყვანილ მაგალითებში პირდაპირ არ არის მოცემული რომელიმე პარტიის სიმბოლიკა, თუმცა ისეთი შინაარსს ატარებს, რომ ამომრჩევლის თვალში დიდად არ განსხვავდება მმართველი პარტიის სტანდარტული საარჩევნო რეკლამისგან. ასეთი ქმედება თავისი არსით წარმოადგენს ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას რადგან შლის ზღვარს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რაც არღვევს ეუთოს კოპენჰაგენის კონფერენციის დოკუმენტით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებებს,”- ვკითხულობთ განცხადებაში.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე “საერთაშორისო გამჭვირვალობა  – საქართველო”  მოუწოდებს მთავრობას, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში თავი შეიკავოს მის მიერ დაგეგმილი თუ განხორციელებული პროექტების რეკლამირებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მართლაც სოციალური რეკლამასთან გვაქვს საქმე და არა ამ სტატუსის ბოროტად გამოყენებასთან;

მოუწოდებს კომუნიკაციის მარეგულიერებლ ეროვნულ კომისიას, შეისწავლოს მაუწყებლების მიერ სოციალური რეკლამის განთავსების კანონთან შესაბამისობა;

მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას,  განაახლოს 2013 წლის რეკომენდაცია, რომელიც მთავრობას მოუწოდებდა თავი შეეკავებინდა მედიაში ისეთ სოციალური რეკლამების განთავსებისგან, რომელიც მთავრობის მიერ განხორციელებულ ან განსახორციელებელ პროექტებს ასახავს და საარჩევნო რეკლამად აღქმის შესაძლებლობას იძლევა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.