ახალი ამბები

ქართულ-ამერიკული პარტნიორობის ფარგლებში ლაბორატორია ამოქმედდება

13 მარტი, 2012 • • 1060
ქართულ-ამერიკული პარტნიორობის ფარგლებში ლაბორატორია ამოქმედდება

ქართულ-ამერიკული პარტნიორობის ფარგლებში, ამოქმედდება ლაბორატორია, რომელშიც ამერიკელი სამხედრო მკვლევარები იმუშავებენ. როგორც საუბრისას ამერიკულმა მხარემ აღნიშნა, ეს ლაბორატორია არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომელიც მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის, ბიოლოგიური კვლევისა და სურსათის უვნებლობის მხრივ.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში აშშ–ის მაღალი რანგის დელეგაცია მიიღო. მათ შორის იყვნენ: ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის საკითხებში, ენდრიუ ვებერი, ამერიკის ვოლტერ რიდის საჯარისო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და ამერიკისა ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავება იყო. შეხვედრისას კონკრეტული მიმართულებები და დარგები განიხილეს. მხარეებმა საქართველოსთვის და, ზოგადად, რეგიონისთვის ქართულ-ამერიკული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ასევე აღინიშნა, რომ ლაბორატორია უკვე შექმნილია და უახლოეს მომავალში პირველი კვლევებიც დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი