ახალი ამბები

ყირგიზეთის დელეგაცია საქართველოს განათლების რეფორმებს ეცნობა

13 მარტი, 2012 • 1130
ყირგიზეთის დელეგაცია საქართველოს განათლების რეფორმებს ეცნობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ყირგიზეთის განათლების მინისტრს კანატ სადიკოვს შეხვდა და სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები შაშკინმა მას პირადად გააცნო.

დღესვე  ყირგიზეთის განათლების მინისტრი თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ სკოლას ეწვევა. ასევე,  გაეცნობა პროფესიულ კოლეჯს ”იკაროსი”, მოინახულებს ფრანგულ სკოლას და ბოლოს მასწავლებლის სახლს დაათვალიერებს.

“პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში კანატ სადიკოვი პირადად ნახავს, როგორ ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი, რომლის თანახმად, ყველა  პირველკლასელს სახელმწიფოსაგან საჩუქრად ნეტბუქი გადაეცემა, ასევე,  საქართველოში მოსწავლეები ინგლისურ ენას პირველივე კლასიდან გაძლიერებულად შეისწავლიან, მათთან ქართულენოვან პედაგოგთან ერთად უცხოელი მოხალისე პედაგოგიც მუშაობს. პროექტის  ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად (TLG)” ფარგლებში, ინგლისურენოვანი მასწავლებლები  უკვე მეორე წელია საქართველოში მოღვაწეობენ, პროექტი და მოხალისე პედაგოგების ჩამოსვლა გრძელდება.

კანატ სადიკოვი პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში მრავალფუნქციურ “მომავლის კლასსაც” დაათვალიერებს, სადაც გაკვეთილები თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება.

ყირგიზეთის განათლების მინისტრი იმ პროექტებსაც გაეცნო, რომლებიც უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და ქვეყანაში მოქმედ თანამედროვე პროფესიულ კოლეჯებში ხორციელდება, სადაც პრიორიტეტულად მიჩნეულია საბუნებისმეტყველო საგნებისა და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების სწავლება.

კანატ სადიკოვმა  წარმატებულად შეაფასა საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები და იმედი გამოთქვა, რომ მათი გაზიარება და ქართულ მხარესთან მომავალი თანამშრომლობა  მნიშვნელოვანი იქნება ყირგიზეთისთვის. “-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი