ლანჩხუთში კონტროლის პალატის წარმომადგენლები “ქართული ოცნების” აქტივისტებს კითხავენ. ეს პროცესი ამ დრომდე გრძელდება.
როგორც “ნეტგაზეთს” ლანჩხუთის “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ რომან ბიწაძემ განუცხადა, მათი დაკითხვა მიმდინარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შენობაში, მე–3 სართულზე. ეს სართული კი ოკუპირებული აქვს პოლიციას, სადაც არავის არ უშვებენ.
“დაკითხვა შეეხება ძირითადად ფინანსურ საკითხებს. მაგალითად, ეკითხებიან, რამდენს იღებენ “ქართული ოცნების“ გაზეთის გავრცელებაში, ან ხელმოწერების შეგროვებაში და მსგავსი საკითხებით ინტერესდებიან,” – აღნიშნა ბიწაძემ.
ბიწაძის განცხადებით, დაკითხვა ზოგ შემთხვევაში დროში გაწელილია.
“ეს არ არის ნახევარსაათიანი დაკითხვა. ზოგიერთის დაკითხვა ოთხ საათსაც კი გაგრძელდა. ამ წუთებში, ჩემი ინფორმაციით, მხოლოდ ერთი ადამიანი, გვარად ჩხაიძე უნდა იყოს მუნიციპალიტეტის შენობაში,” – განაცხადა ბიწაძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა დაკითხვისას მათზე რაიმე ზეწოლის ფაქტები, ბიწაძე აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით, კონკრეტული ზეწოლის, დაჭერით დამუქრების ფაქტები ჯერ არ დაფიქსირებულა.
მისივე განცხადებით, დაკითხულები ამ დრომდე თავს იკავებენ კომენტარების გაკეთებისგან და დამატებითი დეტალები უკვე ხვალ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, დღეს, 12 მარტს რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, თინათინ ხიდაშელმა პრესკონფერენცია “ქართული ოცნების” ოფისში გამართა, სადაც მან ხელისუფლება და კონტროლის პალატა “ქართული ოცნების” აქტივისტების ტერორში დაადანაშაულა.
“კვირას, 11 მარტს, მთელი დღის და ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი აქტივისტების ტერორი საქართველოს პრაქტიკულად ყველა რაიონსა და ქალაქში.
ადამიანები, რომლებიც მათთან მიდიოდნენ, ამბობდნენ, რომ იყვნენ კონტროლის პალატის წარმომადგენლები, თუმცა რეალურად ეს შეუძლებელი იყო, ვინაიდან კონტროლის პალატას ყველა სოფელსა და ქალაქში არ აქვს წარმომადგენლობა. ეს იმითიც დასტურდება, რომ ადგილები, სადაც მათ იბარებდნენ, უმრავლეს შემთხვევებში არ იყო კონტროლის პალატის შენობები.
ეს დაბარებული ადამიანები არიან ისინი, ვინც ბოლო თვეების მანძილზე „ქართული ოცნების“ გაზეთებს არიგებდნენ, ეს არიან ადამიანები, რომლებიც აგროვებდნენ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის მხარდამჭერ ხელმოწერებს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც არანაირ ფინანსურ ურთიერთობებში არ იმყოფებიან კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“. ისინი არიან ჩვეულებრივი სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც საკუთარი სამოქალაქო პოზიციიდან გამომდინარე, ნებაყოფლობით, სამოქალაქო მოვალეობის შესრულების მიზნით, ჩვენი დახმარების გამო და ამ ქვეყნის გადარჩენის გამო მონაწილეობდნენ ჩვენს სხვადასხვა პროექტში.
ეს პროცესი დიდი ხანია გრძელდება, მაგრამ გუშინ შეიძინა მასობრივი ხასიათი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაგრძელდება შემდეგი დღეების განმავლობაშიც.
მინდა მივმართო ჩვენს აქტივისტებს, გამოიჩინონ სიმხნევე, ნუ აყვებიან პროვოკაციებს, რომელთაც მათ სხვადასხვა საჯარო მოხელეები უწყობენ, რომლებიც მიდიან მათ სახლებში, და ცდილობენ მათ დაშინებას. ხელს აწერინებენ ამ ადამიანებს განცხადებებზე, რომ ისინი თავად ნებაყოფლობით ამბობენ უარს ადვოკატის დახმარებაზე. მინდა მათ ვთხოვო, რომ არც ერთმა მათგანმა ასეთ განცხადებაზე ხელი არ მოაწეროს.
მათ იბარებენ, როგორც ფინანსურ მაქინაციებში მონაწილე სამართალდამრღვევებს. ჩვენი ხელისუფლებისთვის ხალხი, რომელიც არიგებდა გაზეთებს და აგროვებდა ხელმოწერებს, არიან სამართალდამრღვევები.
მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას და კონტროლის პალატას, თავი დაანებონ რეგიონებში ჩვენს აქტივისტებს.
მე, თინა ხიდაშელს, დღეს შემაქვს შემოწურულობა პოლიტიკური კოალიციაში „ქართული ოცნების“ გაწევრიანებული ორგანიზაციების ანგარიშზე და ველოდები კონტროლის პალატას, რომ დამიბაროს დაკითხვაზე. მიიღოს ნათია მოგელაძემ ჩემი გამოწვევა და დამიბაროს კონტროლის პალატაში,”- განაცხადა ხიდაშელმა.