ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ მშიშარა ხელისუფალი გვყავს

12 მარტი, 2012 •
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ მშიშარა ხელისუფალი გვყავს

დღეს, 12 მარტს, ქარელში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგიონული ოფისი გაიხსნა.

რეგიონული ოფისის გახსნას კოალიციის წევრებთან ერთად ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შიშის და მშიშარა ხელისუფლების ბრალია ის უბედურება, რომლის შედეგსაც დღეს საქართველო იმკის.

“მშიშარა ხელისუფალი გვყავს დღეს ჩვენ და ძირითადი პრობლემა ჩვენი ქვეყნის ეს არის. ყველაზე კარგად მან (პრეზიდენტმა) საკუთარი სახე აჩვენა თქვენგან ძალიან ახლოს. ამ ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა და ლამის შიშის სიმბოლოდ იქცა მისი სახე. . .  ამ შიშზეა დაფუძნებული მისი გაუწონასწორებელი ხასიათი, რომლის შედეგია ბევრი ის უბედურება, რასაც ვიმკით დღეს. შიშის ბრალია და საშინლად შეეშინდა მას, როდესაც მე გამოვაცხადე, რომ მოვდივარ პოლიტიკაში. ამის შემდგომ შიშზე დაფუძნებული ბევრი უკანონო ქმედება განახორციელა ჩემთან დაკავშირებითაც. ჯერ უკანონოდ მოქალაქეობის ჩამორთმევა, შემდეგ საოცარი ქმედება განახორციელეს ჩემს კუთვნილ ბანკში, რომელიც დღესაც გრძელდება. . . ეს კიდევ იმის მიმანიშნებელია, რომ მას აქვს ილუზია და შიში არ ასვენებს, რომ დაბლოკოს ყველა საშუალება, რათა ჩვენ არ განვითარდეთ და წინააღმდეგობა არ გავუწიოთ,” – აღნიშნა ივანიშვილმა ოფისის გახსნაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ დაუშვებს სიტუაციის დაძაბვას და ხელისუფლების შეცვლას მხოლოდ არჩევნების გზით შეძლებს.

“თქვენ გულიანი ქართველები ხართ და არ შეშინდეთ, უგულო და მშიშარა პრეზიდენტს არ დაემსგავსოთ. არსებული სიტუაცია კარგად გააანალიზეთ. ძალა ერთობაშია, ჩვენ მოვახერხებთ, ოქტომბრისთვის მთელი საქართველო ერთ მუშტად შევკრათ, მივიდეთ არჩევნებზე, სწორი სიტყვა ვთქვათ და გავთავისუფლდეთ ამ მოძალადე ხელისუფლებისაგან,” – აღნიშნა ივანიშვილმა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ქარელის ოფისის ხელმძღვანელად შმაგი კოპაძე დაინიშნა. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი ქარელში სტალინის ქ. N 9 მდებარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი