“FRONTERA RESOURCES”-ის გაკოტრების გეგმას აკრიტიკებენ

“Frontera Resources” ამერიკული ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანიაა, რომელიც კახეთში ნავთობისა და გაზის დაძიებას 1997 წლიდან ცდილობს. კომპანიის კრიტიკოსების მოსაზრებით, ფრონტერა ცდილობს თავი აარიდოს 30 მილიონ დოლარიან ვალს, რომელიც მან პირველ აგვისტომდე უნდა გადაიხადოს.

კომპანია “Frontera Resources”-ის განცხადებით, ვალებზე პასუხისმგებელი მათი შვილობილი კომპანია “Frontera Resources Holding LLC”-ა. ეს უკანასკნელი 2011 წელს აშშ-შია რეგისტრირებული და მის 100%-ან წილს თავად “Frontera Resources” ფლობს. “გაკოტრების შესახებ” ამერიკის კანონმდებლობის მე-7 მუხლის თანახმად, რომელიც კომპანიის სრულ ლიკვიდაციას გულისხმობს, “Frontera Resources Holding LLC” გაკოტრების შესახებ განაცხადი გააკეთა.

“Frontera Resources”-მა შვილობილი კომპანიის წინააღმდეგ აშშ-ს სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანა. ენერგეტიკის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ გზით კომპანია ცდილობს გადასახადებს თავი აარიდოს და ვალები მის შვილობილ კომპანიას გადააწეროს.

ბრიტანული გამოცემა proactiveinvestors.uk-ის ანალიტიკოსი შემდეგ მოსაზრებას გამოთქვამს: “…ის, რომ მენეჯმენტი ასეთი მანევრებით ვალებისგან თავის არიდებას ცდილობს, ან ინტელექტის დეფიციტზე მიანიშნებს, ან მორალურ დეფიციტზე ან ორივეზე ერთად.”

კომპანია “Frontera Resources”-ის თბილისის ოფისში კრიტიკოსების მოსაზრებებზე კომენტარს არ აკეთებენ. კომპანიის წარმომადგენელმა საქართველოში, მაკა ბურჯანაძემ გვითხრა, რომ კომენტარზე უფლებამოსილი პირი თბილისში არ იმყოფება. თუმცა, ბურჯანაძე საკითხის გარკვევას დაგვპირდა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა, ნინო ჩუბინიძემ გვითხრა, რომ სააგენტოს დირექტორი, გიორგი ტატიშვილი საზღვარგარეთ მივლინებაში იმყოფება. ჩვენ ტატიშვილს კითხვები ელ.ფოსტით გავუგზავნეთ. გვაინტერესებდა, რა გავლენას მოახდენს ამერიკაში კომპანიის ლიკვიდაცია მათ ქართულ ბიზნესზე. ტატიშვილს კითხვებზე პასუხი ამ დროისთვის არ გაუცია.

“ფრონტერა ისთერნ ჯორჯია”

ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია “Frontera Resource” 1996 წელს ამერიკაში დაარსდა. მისი მიზანია აღმოსავლეთ ევროპაში გაზისა და ნავთობის მოპოვება. საქართველოში საქმიანობა 1997 წლიდან დაიწყო. კომპანია კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს აღმოსავლეთ საქართველოში, 12-ე სალიცენზიო ბლოკზე აწარმოებს. საქართველოში საქმიანობისთვის “Frontera Resource”-მა 1997 წლის 7 აგვისტოს შპს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია” დააარსა. კომპანიის 50%-ს აშშ-ში რეგისტრირებული “Frontera Resource” ფლობს, 50%-ს კი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” დირექტორი ზაზა მამულაიშვილია.

1997 წლიდან დღემდე Frontera Resource-მა არაერთხელ გამოაცხადა, რომ საქართველოში გაზის დიდ მარაგს მიაგნო. 2015 წლის 8 ოქტომბერს კომპანიამ კიდევ ერთხელ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს კახეთში 3.8 ტრილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზის მარაგი აღმოაჩინა. 2016 წლის თებერვალში “Frontera Resource”-ის ეს განცხადება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ გააკრიტიკა.

“თქვენ იცით, რომ “ფრონტერა” 20 წელზე მეტია მოღვაწეობს საქართველოში და მათ მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, რომელიც ყოველწლიურად ახლდება, ამ სამუშაოების განხორციელებაზე არანაირი წინადადება არ არის,” – ამბობს კალაძე.

მიმდინარე წლის 17 ივნისს, კომპანიამ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში რესურსების მოპოვების შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. ანგარიშის პრეზენტაციზე კომპანიის წარმომადგენელი არ იმყოფებოდა. სააგენტოს საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პრეზენტაციაზე დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით მკაფიო ხედვა და სამუშაო გეგმა არ გააჩნია.

1997 წლიდან დღემდე, “Frontera Resources” არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც აცხადებდა, რომ გაზის დიდ მარაგებს პოულობდნენ. თუმცა, ამოღებული გაზის რაოდენობა არასოდეს ემთხვეოდა კომპანიის მიერ გამოცხადებული რესურსის ოდენობას. 2015 წელს “Frontera Resources”-ის შემოსავალმა ნედლი ნავთობისა და გაზის მოპოვებით 3,7 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო ზარალი 20,5 მილიონი დოლარი იყო.

გასულ კვირას ლონდონის საფონდო ბირჟაზე “Frontera Resources”-ის აქციების ფასი 70 პენსიდან (2,1 ლარი) 10 პენსამდე (დაახლოებით 30 თეთრი) დაეცა. კომპანიის ერთ-ერთმა დირექტორმა, ენდრიუ სესილიამ კარგად ისარგებლა ამ შემთხვევით, როცა მან “Frontera Resources”-ის 9,5 მილიონი აქცია (რაც კომპანიის მიერ გამოცემული აქციების 0.35%-ა) იყიდა.


სტატია მომზადებულია გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” მიერ (www.ifact.ge), რომელიც OCCRPCaucasus-ის ბაზაზე შეიქმნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ifact.ge