საქართველოს პრეზიდენტმა თელავში შეკრიბილ მოსახლეობას ზურაბ ადეიშვილის, იუსტიციის მინისტრის, იდეის – ქალაქის განვითარების პროექტი წარუდგინა.
“მინდა გადაავლოთ თელავს თვალი, როგორიც არის. ასეთ თელავს თქვენ ვეღარასდროს იხილავთ. რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ. თქვენ იხილავთ თელავს, რომელიც მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განამვლობაში არ გინახავთ. ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ, მშვენიერ ქართულ და ევროპულ ქალაქს, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე გვირგვინს, ჩვენი აღმშენებლობის ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ბრიწყინვალე მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენ მომავალ თაობებს გადავცემთ.
მინდა, დღეს ყველამ ერთად დავიწყოთ ამ ახალი სილამაზის, კახეთის შექმნა. იმისთვის, რომ დარწუნდეთ, რომ არ ვაზვიადებ, მე მინდა ჩამოვთვალო, რისი მშენებლობა იგეგმება დღეს კახეთში.”
სააკაშვილის განაცხადით, პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება 150-მდე სახლს და 50-მდე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობას, მათ შორის, მუსიკალურ და სამხატვრო სკოლებს, მთლიანად შეიცვლება თეატრის წინა ფასადი, გუბერნიის ძველი შენობა ჩანაცვლდება ზამთრის სასახლის ტიპის ნაგებობით.
გარდა ამისა, პრეზიდენტის განცხადებით, განახლდება თელავის 9 ქუჩა, 2 ცენტრალური და 3 პატარა მოედანი, კეთილმოეწყობა 6 სკვერი და ცენტრალური – ნადიკვარის პარკი, ყვარელში 6 ახალი სასტუმროს აშენება, გურჯაანში ახტალის კურორტის სრული რეაბილიტაცია, მთლიანად გამოიცვლება საკომუნიკაციო სისტემები, იგეგმება “კლდეების აფეთქება და თუშეთის გზის ფუნდამენტური რეაბილიტაცია. შემოვა რედისონი წინანდალში”.
რეაბილიტაციის პროცესი, მისი თქმით, შემოდგომისთვის დასრულდება და სამშენებლო სამუშაოებზე 3 ათასამდე სხვადასხვა სპეციალისტი დასაქმდება.
“თელავის განვითარების პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პირველ ეტაპზე 120 მილიონი ლარი დაიხარჯება. თუმცა უახლოეს წლებში ეს თანხა გასამმაგდება და გახუთმაგდება. 2014 წლის ბოლოსთვის ჩვენ ვვარაუდობთ გომბორის ახალი გვირაბის გაკეთებას, 2016-2017 წლებისთვის, და ეს არც ისე შორსაა, ეს არის ერთი საპარლამენტო ან საპრეზიდენტო ვადა.”
მიხეილ სააკაშვილის თქმით, თელავის რეაბილიტაციის პროექტის იდეა ზურაბ ადეიშვილს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ეკუთვნის.
“თავის დროზე სიღნაღის რეაბილიტაციის იდეის ავტორი იყო ზურაბ ადეიშვილი, თუმცა ეზიზღება, ამაზე რომ ვლაპარაკობ. ასევე მისი იდეაა თელავის, გურჯაანის, ყვარლის თუ სხვა ჩვენი ადგილების რეაბილიტაცია,”-განაცხადა სააკაშვილმა.