ახალი ამბები

პრემიერი: პაპუაშვილს შევახსენებ, პროკურატურა სრულად არ ექვემდებარება მთავრობას

27 ივლისი, 2016 • 1228
პრემიერი: პაპუაშვილს შევახსენებ, პროკურატურა სრულად არ ექვემდებარება მთავრობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ცოტა უცნაურია, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არ მიდის მთავარ პროკურატურაში. ამის შესახებ პრემიერმა დღეს, 27 ივლისს, განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, ის მზად არის მომავალი დეპუტატების ჯგუფის წარდგენამდე შეხვდეს გიორგი პაპუაშვილს.

“ცოტა უცნაურია, როდესაც ის არ მიდის პროკურატურაში. ამის მიუხედავად, გამოვხატავ ნებას, მომავალი დეპუტატების ჯგუფის წარდგენამდე, შუალედში, აუცილებლად შევხვდე პაპუაშვილს. თუმცა, ისიც მინდა შევახსენო მას, რომ პროკურატურა მთლიანად არ არის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაქვემდებარებული. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და ამ დამოუკიდებლობის საფუძვლები ჩვენ შევქმენით ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც მივიღეთ მნიშვნელოვანი რეფორმატორული ცვლილებები, როცა იგი არის ანგარიშვალდებული პარლამენტთან. მიზანმიმართულად ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ პროკურატურას მართავს აღმასრულებელი ხელისუფლება. ეს ასე ნამდვილად არ არის და არც უნდა იყოს,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურატურაში დღეს, 27 ივლისს, 13:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იქ არ გამოცხადდა. პაპუაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე, პროკურატურაში მისვლას არ აპირებს.

21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ზეწოლის შესახებ პაპუაშვილისა და მარგველაშვილის განცხადებებზე პროკურატურამ გამოძიება 26 ივლისს დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი