ახალი ამბები

ჯიპიაი წუხს და აქციას აგრძელებს

12 მარტი, 2012 •
ჯიპიაი წუხს და აქციას აგრძელებს

სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი” სარვამარტო აქციას სახელწოდებით “ფრთხილად, ავტომობილის სარკესთან ქალია!”აგრძელებს.

მას შემდეგ, რაც სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” სარვამარტო აქციამ “ფრთხილად, ავტომობილის სარკესთან ქალია” საზოგადოების ნაწილში მისი დისკრიმინაციული შინარსის გამო მიუღებლად მიიჩნია, კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც წუხს, რომ  საზოგადოების ზოგიერთმა წარმომადგენელმა რეკლამა გენდერული თანასწორობის პრინციპების დარღვევად აღიქვა.

“გვინდა გამოვეხმაუროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი აზრი გამოთქვა ჩვენი მიმდინარე სარეკლამო კამპანიის შესახებ. მადლობას მოგახსენებთ, როგორც დადებითი, ისე ნეგატიური შეფასების ავტორებს და გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ყოველი თქვენგანის აზრი ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ცხადია, კამპანიის მიზანი არ ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა და ვწუხვართ, თუ საზოგადოებაში ვინმემ ეს გენდერულ თანასწორობის პრინციპების დარღვევად აღიქვა.

ჯიპიაი ჰოლდინგის მიმდინარე სარეკლამო კამპანია დაყრდნობილია სტერეოტიპზე, რომ ქალები უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ თავის გარეგნობას, ვიდრე კაცები, რაც იმაში გამოიხატება, რომ საჭესთან მსხდომი ქალები ავტმობილის სარკეს მრავალფუნქციურად იყენებენ და ხშირად მაკიაჟს იკეთებენ, ზოგჯერ ეს კარგად გამოსდით, ზოგჯერ არა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ქალები უკეთესი ან უარესი მძღოლები არიან, პირიქით, ჩვენი შიდა სტატისტიკით, ქალ მძღოლებს უკეთესი მაჩვენებლები აქვთ  – ისინი უფრო ნაკლებად ხვდებიან ავტოავარიებში და უფრო მეტად უფრთხილდებიან საკუთარ ავტომობილებს.

შევეცადეთ, ეს კონცეფცია სახალისო სტილით წარმოგვედგინა და პოზიტიური მუხტი შემოგვეტანა. ზოგის აზრით, ეს მოვახერხეთ, ზოგის აზრით – ვერა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ – მივესალმებით ჯანსაღ დისკუსიას ნებისმიერ თემაზე. უფრო მეტიც, თუ საზოგადოების სურვილი იქნება, მზად ვართ, შევხვდეთ და გავაგრძელოთ მსჯელობა ამ საკითხზე.

ამასთანავე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჯიპიაი ჰოლდინგის სარვამარტო აქცია გრძელდება. ყველას მოგიწოდებთ, ისარგებლოთ ავტოდაზღვევის კონკურენტული პირობებით მარტის განმავლობაში და, ამავდროულად, მიიღოთ საჩუქარი – 150– ლარიანი შოფინგ ქარდი კოსმეტიკაზე და ტანსაცმელზე ვულე–ვუში, ნექსთში, ნექსთ კიდსში, რივერ აილენდში და ფიქოქსში, ასევე, უფასოდ ჩაუტაროთ თქვენს ავტომობილს კომპიუტერული დიაგნოსტიკა თეგეტა მოტორსში. ჩვენი დაზღვეულები მთელი წლის განმავლობაში ისარგებლებენ გზებზე უფასო ავტოასისტანსის მომსახურებით და სხვა დამატებითი შეღავათებით. შეგახსენებთ, რომ აქციაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს – შოპინგ ქარდისა და თეგეტა მოტორსის ვაუჩერით შეგიძლიათ თავად ისარგებლოთ, ან გადასცეთ სხვა ადამიანს.

დაბოლოს, იმედზე გასულ სიუჟეტში („თბილისი-ლაივში“) ჩვენი თანამშრომელი მართლაც ამბობს, რომ ქალი მძღოლი უფრო რისკიანია საჭესთან, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და ამ კომენტარისთვის ბოდიშს ვიხდით.

ჩვენი საიტიდან ვხსნით მომხმარებლების მიერ განთავსებულ იმ ვიზუალსა თუ კომენტარებს, რომლებიც მიგვაჩნია, რომ შეურაცხმყოფელია და უცენზურო კომენტარებს შეიცავს.”

შეგახსენებთ, რომ აქცია, სლოგანით ”ფრთხილად! ავტომობილის სარკესთან ქალია!” სადაზღვევო კომპანიამ მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო, სადაც, კომპანიის განცხადების მიხედვით, “მარტის განმავლობაში ყველა ქალბატონს ექნება შესაძლებლოაბა, ისარგებლოს ექსკლუზიური პირობებით და მიიღოს საჩუქარი – 150 ლარი კოსმეტიკაზე და ტანსაცმელზე და უფასო ავტოდიაგნოსტიკა თეგეტა მოტორსში. ”

აქციის სლოგანი და ფოტოები საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, მისი დისკრიმინაციული შინაარსის გამო. პროტესტი სოციალურ ქსელებში ფოტო აქციით გამოხატეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი