“ქართული ოცნების” პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს ექს–საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ინდივიდუალურად წევრიანდება. მის პარტიასთან ( “სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა”) დაკავშირებით კი ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
აღნიშნულის შესახებ ფანჯიკიძემ დღეს, 12 მარტს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება და სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, მასთან სხვა საკითხებზე, მათ შორის იმაზე, გაწევრიანდება თუ არა იგი კოალიციაში პარტია „საქართველოს გზასთან“ ერთად, მოლაპარაკება ვერ მოხერხდა.
“იმის გამო, რომ ის სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, შეხვედრა და დეტალურად დალაპარაკება კონკრეტულ საკითხებზე არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ გიპასუხებთ შეკითხვაზე, იქნება თუ არა პარტია “საქართველოს გზა” კოალიციის წევრი,” – განაცხადა ფანჯიკიძემ და აქვე დასძინა, რომ მოლაპარაკებების პროცესი ჯერ დასრულებული არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი “ქართულ ოცნებაში” ოფიციალურად გაფორმებული ამ დრომდე არ არის, ფანჯიკიძემ ის უკვე კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრად მოიხსენია.
შეგახსენებთ, 21 თებერვალს დაფუძნდა პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნება”, რომელიც ოთხ პარტიას აერთიანებს, ესენია: “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო”, “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები” და “ეროვნული ფორუმი”. ამავე დღეს “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა დეკლარაცია (12-პუნქტიანი გეგმა), რომელსაც კოალიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხევვაში განახორციელებს.