ახალი ამბები

საზღვაო აკადემიის თანამშრომლებს პროკურატურაში კითხავენ

12 მარტი, 2012 •
საზღვაო აკადემიის თანამშრომლებს პროკურატურაში კითხავენ

საზღვაო აკადემია
საზღვაო აკადემია

საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თეიმურაზ ტუკვაძე “ბათუმელებთან” არ ადასტურებს ბათუმის საზღვაო აკადემიის ფინანსური განყოფილებისა და გადაწყვეტილების მიმღები სხვა პირების, დაახლოებით 10-მდე ადამიანის, მათ შორის, მაგალითად, მაია დონაძისა და გია წიკლაურის საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვის მიზნით დაბარების შესახებ ინფორმაციას. გია წიკლაურმა კი, რომელსაც “ბათუმელები” პირად ნომერზე დაუკავშირდა, განაცხადა, რომ  “ახლაც პროკურატურის მისაღებშია” და დაძახებას ელოდება.

“ბათუმელების” ინფორმაციით, პროკურატურაში დაბარებული საზღვაო აკადემიის 10-მდე თანამდებობის პირიდან სამართალდამცავებმა აკადემიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, რამაზ ხალვაშის დაკავება უკვე გადაწყვიტეს.

 

საზღვაო აკადემიის თანამშრომლების მთავარ პროკურატურაში დაბარების შესახებ ინფორმაციის დადასტურების შემდეგ “ბათუმელები” აკადემიის რექტორსაც დაუკავშირდა. “ახლა უცხოეთში ვიმყოფები მივლინებაში”, _ თქვა ნიკოლოზ წიკლაურმა. მან მობილური ტელეფონი მას შემდეგ გამორთო, როცა გაიგო, თუ რა საკითხის გადამოწმებისთვის გვჭირდებოდა მისი დახმარება.

“ბათუმელების” ინფორმაციით, რექტორთან ერთად მივლინებაში იმყოფება საზღვაო აკადემიის მთავარი ბუღალტერიც. 11 მარტს, კვირას, “ბათუმელებმა” აკადემიის მონიტორინგისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსთან მოახერხა დაკავშირება. გია წიკლაურმა ბოლომდე არ დაადასტურა ინფორმაცია რამაზ ხალვაშის დაკავების შესახებ. “ეგ საკითხი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის”, _ თქვა გია წიკლაურმა. რა საკითხი აინტერესებთ პროკურატურაში? _ ამ კითხვაზე კი გია წიკლაურს ზუსტი პასუხი არ აქვს: “შეკითხვები არის ყველანაირი, ჯერ ნუ ავჩქარდებით. ყველაფერი აინტერესებთ. ასე ვერ გეტყვით. საღამოს უფრო ზუსტად მეცოდინება”. აკადემიით პროკურატურის დაინტერესების შესახებ დამატებითი ინფორმაციიის მოპოვების მიზნით, “ბათუმელები” საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსაც დაუკავშირდა.

“ბატონო თემურ, გავიგეთ, რომ თქვენ და თქვენი თანამშრომლები ამაღამ მიდიხართ თბილისში, პროკურატურაში ყოფილხართ გამოძახებული. ეს ინფორმაცია რამდენად შეესაბამება სიმართლეს? _ ამ კითხვაზე თეიმურაზ ტუკვაძემ მოკლედ გვიპასუხა: “არაფერი გამიგია”.

“ბათუმელები” 2011 წლის იანვარში საზღვაო აკადემიის მიერ რექტორისთვის გაღებულ ხარჯებს ვრცელი სტატიით გამოეხმაურა. ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ აკადემიის რექტორისა და კიდევ რამდენიმე მოწვეული სპეციალისტის ბინის დაქირავებისთვის გაღებული ხარჯები ბათუმის პირობებისთვის წარმოუდგენლად მაღალი იყო.

მაგალითად, 2011 წელს ხუთი ადამიანის _ ნიკოლოზ წიკლაურის, გიორგი წიკლაურის, ეკატერინე სირაძის, მაია დონაძისა და გიორგი ჩხეტიანის _ საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად აკადემიამ 175 ათასი ლარი დახარჯა. მაია დონაძის, ანუ აკადემიის ბიბლიოთეკარის ბინაში სასწავლებელი თვეში 1 080 ლარს იხდიდა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ბინა კი, თვეში 950 ლარად ჰქონდა დაქირავებული. ბინების გამქირავებლებმა “ბათუმელებთან” დაადასტურეს, რომ აკადემია წელსაც იმავე პირობით ქირაობს მათგან ბინებს. 2011 წლის 31 მარტიდან ნიკოლოზ წიკლაურის ბინის დასაქირავებლად აკადემია ყოველთვიურად 4595 ლარს ხარჯავდა. 2010 წლის სექტემბრიდან 2011 წლის 31 მარტამდე კი წიკლაური ბათუმში ყველაზე ძვირადღირებულ ორ სასტუმროში _ „შერატონსა“ და „სანაპიროში“– ცხოვრობდა. ამ სასტუმროებში რექტორის 6 თვით ცხოვრება აკადემიას დაახლოებით 45 ათასი ლარი დაუჯდა. აკადემიის თანამშრომლებს წლის დასაწყისში რექტორის მიმართ სხვა პრეტენზიებიც ჰქონდათ. მათთვის მიუღებელი იყო „მოსვლისთანავე რექტორმა საკუთარი კომფორტის მოსაწყობად „მერსედესის“ მარკის ავტომობილი რომ შეიძინა, რომელშიც 48 000 ლარი, მობილურ ტელეფონში _  4 097 ლარი, ხოლო საკუთარი კაბინეტის ავეჯში  47 000 ლარი გადაიხადა“.

 

ნიკოლოზ წიკლაურის შემოსავალი შარშან, ყოველთვიურად, პრემიისა და ხელფასის სახით 5 800 ლარი იყო. მისი კომფორტისთვის აკადემიას კიდევ ბევრი სახის ხარჯი აქვს გაღებული. ნიკოლოზ წიკლაურმა “ტელეარხ 25”-ის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ “ნებისმიერი ადამიანი კომფორტს ეძებს”. რამაზ ხალვაში კი ის მოხელე იყო აკადემიაში, ვინც ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ადგენდა და ხელს აწერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი