ახალი ამბები

საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციაზე ევროკავშირის ექსპერტები ეწვევიან

12 მარტი, 2012 •
საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციაზე ევროკავშირის ექსპერტები ეწვევიან

საქართველოს ევროკავშირიდან ექსპერტები მიმდინარე კვირის 12–14 მარტს ეწვევიან,   რომლის მთავრ  მიზანსაც წარმოადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ვიზა–ლიბერალიზაციისა და რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხი.

აღნიშნულის შესახებ დღეს, 12 მარტს, ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, ქართული მხარე ექსპერტთა ჯგუფს გააცნობს და მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას. სწორედ ამ ჯგუფზე იქნება დამოკიდებული, თუ რა შეფასებით წარდგებიან ისინი ბრიუსელში.

“მათ ექნებათ საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები, მათ შორის სამუშაო ჯგუფებთანაც. ჩვენ მივიჩნევთ, რომ საკმარისად პროგრესული საქმიანობა ვაწარმოეთ იმისათვის, რომ პოზიტიური შეფასება მივიღოთ.  შესაძლებელი იქნება თუ არა ამ საკითხზე დიალოგის გახსნა 2012 წლის ზაფხულამდე, სწორედ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა შინაარსის შეფასებით წარდგება ეს ექსპერტთა ჯგუფი ბრიუსელში. ამდენად, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რომ მათ სრული და ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეთ საქართველოში ამ მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების შესახებ,” – განმარტა კალანდაძემ.

როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა,  2011 წლის პირველ დეკემბერს საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭო გაიმართა. ამ საბჭოს ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 2012 წლის ზაფხულამდე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გახსნის შესაძლებლობა უნდა განიხილოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი