ახალი ამბები

“აზიზიეს მეჩეთზე ხელმოსაწერად გამზადებული დოკუმენტი არ არსებობს”

12 მარტი, 2012 •
“აზიზიეს მეჩეთზე  ხელმოსაწერად გამზადებული დოკუმენტი არ არსებობს”

ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ქართულ და თურქულ მხარეებს შორის ჯერ არ არსებობს ხელმოწერილი და არც ხელმოსაწერად მზა დოკუმენტი.

აღნიშნულის შესახებ დღეს, 12 მარტს,  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

“არ არსებობს ხელმოწერილი დოკუმენტი და არც მზა დოკუმენტი, რომელიც უკვე ხელმოსაწერაად მზად იქნებოდა. ჯერ კიდევ მიმდინარეობს უწყებათაშორისი მოლაპარაკება ორ სახელმწიფოს შორის,” – აღნიშნა კალანდაძემ.

7 მარტს კი, მთავრობის სხდომის შემდეგ, კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ განაცხადა, რომ ქართული მხარე თურქულ მხარესთან აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელს მოაწერს.

“ოშკი არის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი და მისი დანგრევის პასუხისმგებლობას, ბუნებრივია, ვერ გავექცევით. ამიტომ ეს არის გადასარჩენი და ამის სანაცვლოდ თურქული მხარე ითხოვს საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან მცირე მეჩეთის აშენების უფლებას იქ, სადაც მათ ადგილობრივი ხელისუფლება მიუთითებს. ვფიქრობ, ეს ნაბიჯი არის გადასადგმელი და ჩვენ ამ ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ”, – განაცხადა რურუამ.

თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ისტორიული ძეგლების აღდგენასთან დაკავშირებით ქართულ და თურქულ მხარეებს შორის ჯერ–ჯერობით ხელმოსაწრად მზა დოკუმენტი არ არსებობს.

შეგახსენებთ, იანვრის ბოლოს თურქეთში ვიზიტად მყოფ ნიკოლოზ რურუასა და მის კოლეგა ერთურულ გუნაის ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმება შედგა კულტურული თანამშრომლობის შესახებ. ამ შეთანხმებით, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების– იშხანისა და ოშკის– რესტავრაციის სანაცვლოდ თურქეთი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თურქული კულტურული ძეგლების რესტავრაციას დაიწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი