ახალი ამბები

მიხეილ ჯანელიძის თქმით, სამინისტრო დიპლომატებს განათლებას დაუფინანსებს

26 ივლისი, 2016 • 1125
მიხეილ ჯანელიძის თქმით, სამინისტრო დიპლომატებს განათლებას დაუფინანსებს

მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ  საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველი დიპლომატები ღირსეულ პირობებში და უფრო დაფასებულები იყვნენ:

“სამინისტრომ წელს დაიწყო  ჯანდაცვის დაზღვევა დიპლომატებისთვის და მათი ოჯახებისთვის, რაც უზრუნველყოფს ღირსეულ პირობებს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება  დიპლომატებისთვის განათლების დაფინანსების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ იმ რთულ პირობებში, სადაც ჩვენი დიპლომატები არიან,  ხელი შევუწყოთ საქმიანობაში. ყველა ამ რეფორმაზე ჩვენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ვისმჯელებთ, ” – აღნიშნა ჯანელიძემ.

მინისტრი ამბასადორიალის პირველ დღეს აფასებს და ამბობს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვთ:

“ამბასადორიალზე დადებითად შეფასდა ის ნაბიჯები, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადაიდგა, ასევე ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლით, დადებითად შეფასდა ვიზების ლიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ის წარმატება, რასაც ვარშავის სამიტზე მივაღწიეთ. ეს ყველაფერი უკავშირდება საქართველოს უსაფრთხო და მშვიდ განვითარებას და ამ მიმართულებით ძალიან დიდი ფუნქცია და როლი აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს,”- ამბობს ჯანელიძე.

ჯანელიძის განმარტებით, ამბასადორიალის ფარგლებში დღეს პირველად გაიმართა შეხვედრა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან:

“განსაკუთრებული აქენტი გაკეთდა ეკონომიკურ დიპლომატიაზე და საქართველოს იმიჯის მაქსიმალურად პოპულარიზაციაზე ქვეყნის გარეთ. ჩვენ ვისაუბრეთ ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე იმ ინიციატივებზე და რეფორმებზე, რომელიც სამინისტროში ხორციელდება, რათა ეკონომიკური დიპლოამტიის განვითარება უფრო ეფექტურად შევძლოთ. ამ პროცესში ბიზნეს სექტორი იქნება ჩართული. დღეს ამბასადორიალის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან. მათ მიეცათ შესაძლებლობა, რომ კომუნიკაცია ჰქონდეთ ჩვენს საელჩოებთან და ერთობლივად განვიხილოთ ყველა საჭირო საკითხი. ”

ჯანელიძის თქმით, საუბარი შეეხო საფრთხეებსაც, მათ შორის ტერორიზმს:

“ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონალურ კონტექსტში, იმ გამოწვევებზე, რაც დღეს ჩვენს რეგიონშია, ასევე გლობალურ გამოწვევებზე, ტერორიზმზე და სხვა საფრთხეებზე. ვისაუბრეთ, როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ საფრთხეებს საქართველო, როგორ უნდა იყოს უფრო პროაქტიური ჩვენი დიპლომატიური მისია და რა უნდა გაკეთდეს საქართველოს ინტერესების ლობირებისთვის.”

26-29 ივლისს, თბილისში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, ამბასადორიალი იმართება. ამბასადორიალის ფარგლებში სამინისტროს ხელმძღვანელობა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები გაწეულ საქმიანობას შეაფასებენ და მომავალი წლის სამუშაო გეგმებს დასახავენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი