ახალი ამბები

“ქართული ოცნების” აქცია შსს-სთან[video]

9 მარტი, 2012 •
“ქართული ოცნების” აქცია შსს-სთან[video]

დღეს, 9 მარტს, კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს სახელწოდებით ”მე ვარ თავისუფალი მოქალაქე.”

”ჩვენ დღეს ვმართავთ აქციას სახელწოდებით ”მე ვარ თავისუფალი მოქალაქე”.  ეს არის გზავნილი ვანო მერაბიშვილისთვის, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი მოქალაქეები და ჩვენი არჩევანია ამ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა დემოკრატიული ხელისუფლებით. თქვენ იცით, რომ მუდმივი ძალადობა ხორციელდება ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების  მიმართ. ჩვენ წერილს გადავცემთ ვანო მერაბიშვილს ამ ფაქტთან დაკავშირებით,” – განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა სულხან ღლონტმა. მისივე თქმით, ეს არის აქცია ქვეყანაში არსებული ძალადობის წინააღმდეგ.

აქცია დაახლეობით 30 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა თავიანთი მიმართვა ვანო მერაბიშვილისადმი შსს-ს კანცლარიას ჩააბარეს.

”ჩემი წერილის მიზანი არ არის შეგახსენოთ, რომ კონსტიტუციის სული არის მოქალაქეების თავისუფლებისა და უფლებების დაცვა, არც ის, რომ თქვენ მიერ ”რეფორმირებული” სამინისტრო ხელმეორედ საჭიროებს რეფორმას სრული პოლიტიზირების გამო, არც ის, რომ გახმაურებული მკვლელობები საქართველოში ჯერ კიდევ გაუხსნელია,” – წერია შს მინისტრ ვანო მერაბიშვილისადმი გაგზავნილ მიმართვაში, რომელსაც აქციის მონაწილეები ხელს ინდივიდუალურად აწერდნენ.

წერილის ავტორების თქმით, მათი წერილის მიზანია, ახალგაზრდებმა შსს-ს  შეახსენონ, რომ თავად არიან იმ თაობის წარმომადგენლები, რომლებიც დემოკრატიას კარგად იცნობენ და რომლებიც მზად არიან საკუთარი თავისუფლების დასაცავად.

მასალების გადაბეჭდვის წესი