დღეს, 8 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქალებს ქალთა დღე სოციალური ქსელით მიულოცა და წელიწადის 365 დღეც ქალთა დღედ გამოაცხადა.
”ზოგი ამბობს რომ 8 მარტი არ უნდა ვიზეიმოთ, რადგან კლარა ცეტკინის მოგონილი კომუნისტური დღესასწაულია, მაგრამ ჩემი აზრით ყოველი დღე ქალთა დღე უნდა იყოს ისედაც, ამიტომ გილოცავთ ქალბატონებო! გისურვებთ ბედნიერებას, კარგ განწყობას და იმას, რომ ყოველი ახალი დღე წინაზე უკეთესი იყოს. როგორც პრეზიდენტი წელიწადის 365 დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ვაცხადებ ქალთა დღესასწაულად და მოვუწოდებ კაცებს გავუფრთხილდეთ საქართველოს ამ უკეთეს ნაწილს! ♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥,” – წერია მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე ”ფეისბუქზე.”
8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ დღემდე რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.
დასავლეთში საერთაშორისო ქალთა დღე 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღინიშნებოდა, თუმცა შემდეგ კომუნისტებთან ასოციაციის გამო მისმა პოპულარობამ იკლო. 1960-იან წლებში, ფემინიზმის აღმავლობის ჟამს ეს დღე ისევ იძენს პოპულარობას. 1975 წელს, რომელიც ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადდა, გაერომ ოფიციალური სანქცია გასცა ქალთა საერთაშორისო დღის სპონსორობისთვის.
2005 წელს ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანების კონგრესზე ერთხმად დაუჭირეს მხარი ბრიტანეთში ქალთა საერთაშორის დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადების რეზოლუციას.
ამჟამად ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები მსოფლიოს გარშემო ყოველწლიურად 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებენ. ქალთა გლობალური ასოციაციის “ავრორა” ვებგვერდზე შესაძლებელია ადგილობრივ ღონისძიებათა დარეგისტრირება, რაც ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ლოკალური მოვლენების გლობალურად გაშუქებას უწყობს ხელს. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობა და ორგანიზაცია უჭერს მხარს ქალთა საერთაშორისო დღეს და მისდამი ინტერესი დღითიდღე იზრდება.
წყარო: ka.wikipedia.org