ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის დუმის არჩევნები ცხინვალშიც გაიმართება

25 ივლისი, 2016 • 1260
რუსეთის დუმის არჩევნები ცხინვალშიც გაიმართება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობის ნაწილი სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას რუსეთის პრო-სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკ-ოსეტია ავრცელებს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩის, ელბრუს კარგიევის განცხადებით, “რამდენადაც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უმეტესობას რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ, მათ კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ.

2016 წლის 18 სექტემბრის არჩევნებისთვის, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

“ამჯერადაც, საელჩო გეგმავს 10 საარჩევნო უბნის გახსნას, რომელთაგან ხუთი ცხინვალში, დანარჩენები კი რაიონულ ცენტრებში განთავსდება”, – ამბობს ელბრუს კარგიევი.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობამ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 2011 წელსაც მიიღო, ასევე 2012 წელს – რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში, და ორივე არჩევნების დროს, როგორც რუსეთის ელჩი ამბობს, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა იყო, რამაც “მოსკოვში მაღალი შეფასება დაიმსახურა”.

ელბრუს კარგიევი მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეობის მქონე მოსახლეობას, მივიდნენ არჩევნებზე და ხმა ღირსეულ კანდიდატებს მისცენ და რუსეთში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების თანამონაწილეები გახდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი