ახალი ამბები

ცხინვალში სამი კანდიდატი სამართლიან ბრძოლაზე შეთანხმდა

7 მარტი, 2012 •
ცხინვალში სამი კანდიდატი სამართლიან ბრძოლაზე შეთანხმდა

თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის 4 კანდიდატიდან სამმა მათგანმა პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომ არჩევნებში გამარჯვებისთვის პატიოსნად და სამართლიანად იბრძოლებენ.

განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მარტსაა დანიშნული, ნოემბრის არჩევნების შედეგები უზენაესმა სასამართლომ ბათილად სცნო.

29 თებერვალს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატების საბოლოო სია გამოაქვეყნა. ბიულეტენში 4 გვარი იქნება– ლეონიდ თიბილოვი, დავით სანაკოევი, დიმიტრი მედოევი და სტანისლავ კოჩიევი.

კანდიდატებმა პასუხისმგებლობა აიღეს იმ ვალდებულებების მიმართ, რაც მათ წინაშეა. კერძოდ კი, “არჩევნები ჩაივლის საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტების და თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის დაცვით, დაცული იქნება საარჩევნო უფლებები და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება”.

წინასაარჩევნო კამპანიისას კანდიდატებმა პირობა დადეს, რომ ეწინააღმდეგებიან არჩევნების ჩაშლის ნებისმიერ მცდელობას. ამ დოკუკენტში ასევე აღნიშნულია, რომ კანდიდატებმა არ უნდა დაუშვან ცრუ განცხადებების და არასწორი ინფორმაციის გავრცელება ერთმანეთის წინააღმდეგ, ყალბი აუდიო და ბეჭდვითი მასალის გამოყენება. ამ დოკუმენტზე ხელმოწერით ისინი მხოლოდ ცივილიზებულ ბრძოლის ფორმებზე თანხმდებიან.

დოკუმენტს ხელი სამმა კანდიდატმა– თიბილოვმა, სანაკოევმა და მედოევმა მოაწერეს. კოჩიევის ნდობით აღჭურვილმა პირმა რუსლან ჯიოევმა აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტს კოჩიევი არ მიუერთდა. ის თვლის, რომ უნდა შეწყდეს ალა ჯიოევას პოლიტიკური დევნა და მას პოლიტიკური აქტივობის გაგრძელების საშუალება უნდა მიეცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი