ახალი ამბები

130 ჯარისკაცი ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა [ვიდეო]

23 ივლისი, 2016 • 1888
130 ჯარისკაცი ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა [ვიდეო]

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის „ბრავო“ ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. სამინისტროს ცნობით, ისინი II ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა ჩაანაცვლა.

130 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე ალექსეევკის აეროპორტში დახვდა.

“მინდა თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებით, ვულოცავ მათ სამშობლოში დაბრუნებას და ვუსურვებ წარმატებას,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ქართველი სამხედროების დასახვედრად აეროპორტში ასევე მივიდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ვიცეპოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე; სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე; საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცეპოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე და სხვა მაღალი რანგის სამხედროები.

„მაზარ-ი-შარიფიდან 130 სამხედრო მოსამსახურე ჩამოვიდა, მათ წარმატებით შეასრულეს თავიანთი მისია. 32-ე ბატალიონის ასეული II ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა ჩაანაცვლა და დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ხსენებული ასეულიც წარმატებით დაგვიბრუნდება. ბიჭებს შინ დაბრუნებას ვულოცავ, ასევე ვულოცავ მათ ოჯახებს და მთელ შეიარაღებულ ძალებს,“ – განაცხადა ნიკოლოზ აგლაძემ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის „ბრავო“ ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, მაზარ-ი-შარიფში გერმანული კონტინგენტის შემადგენლობაში 7 თვის განმავლობაში მსახურობდა. სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ასეული ბაზა „მარმალზე“ სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი