ახალი ამბები

თეატრალურს, სამხატვრო აკადემიასა და კონსერვატორიას სტატუსი შეუცვალეს

6 მარტი, 2012 •
თეატრალურს, სამხატვრო აკადემიასა და კონსერვატორიას სტატუსი შეუცვალეს

თეატრალურ უნივერსიტეტს, სამხატვრო აკადემიასა და  კონსერვატორიას, პრემიერ-მინისტრის დადგენილებების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსით შეეცვლება. რეორგანიზაცია 20 მარტამდე უნდა განხორციელდეს.

2012 წლის პირველი იანვრიდან რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელს სტატუსი შეეცვალა და იგივე ცვლილებები განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ.

მეტი ფინანსური და ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა, – ასე აფასებენ მინიჭებულ სტატუსს ის უმაღლესი სასწავლებლები, ვინც არასამეწარმეო იურიდიულ პირად უკვე გადაკეთდა.

„ჩვენ უკვე შეგვიძლია დავაარსოთ მომგებიანი საწარმოები, შევიდეთ ამხანაგობებში, გავყიდოთ ისეთი სერვისები, როგორიცაა მოკლევადიანი კურსები. მაგალითად, სახელმწიფო მოხელეების გადამზადების, ენის კურსები  და ა.შ.  პოტენციურად ბევრი რამე შეიძლება უნივერსიტეტის შემოსავლის წყაროდ იქცეს,“ – ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე კვიტაშვილი.

იმის მიუხედავად, რომ არაკომერციულ იურიდიულ პირებს სამეწარმეო საქმიანობის უფლება ეძლევათ, კანონმდებლობა აქვე ბარიერსაც ქმნის, რომლის მიხედვით, მოგებული თანხა მხოლოდ სასწავლებელს უნდა მოხმარდეს.

იმ უმაღლეს სასწავლბლებში, რომელთაც ახალი სტატუსი უკვე მიენიჭათ, აცხადებენ, რომ სახელმწიფოს დაფინანსების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება და სახელმწიფო ისევ დააფინანსებს მის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ პროგრამებს, თუმცა, აქვე აცხადებენ, რომ სასწავლებლების ძირითადი შემოსავლის წყარო ისევ სტუდენტთა მიერ გადახდილი გადასახადები იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი