ახალი ამბები

როგორ ირღვევა უკურნებელი სენით დაავადებული პატიმრების უფლებები

6 მარტი, 2012 •
როგორ ირღვევა უკურნებელი სენით დაავადებული პატიმრების უფლებები

ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინფორმაციით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისია, რომელსაც უკურნებელი სენით დაავადებული პატიმრების მდგომარეობის შესწავლა და მათი სასჯელისგან გათავისუფლება ევალება, თავის საქმეს გულგრილად ეკიდება. ამასთან დაკავშირებით დღეს, 6 მარტს ორგანიზაციის ოფისში პრესკონფერენციაც არის დაგეგმილი.

საკუთარი იურიდიული სამსახურის წარმოებაში არსებული საქმეების მიხედვით, ”ადამიანის უფლებათა ცენტრი” ასკვნის, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის, იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის გულგრილობისა და უმოქმედობის შედეგად ილახება მსჯავრდებულთა კანონით გათვალისწინებული უფლებები.

კანონით, ერთობლივ კომისიას ევალება, დროულად შეისწავლოს მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა მდგომარეობა და გაათავისუფლოს ისინი სასჯელისაგან. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონაცემებით, მსჯავრდებულთა მიმართვებს კომისია ხშირად არც კი განიხილავს და არ იღებს დაუყოვნებლივ ზომებს მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრების უფლებების დასაცავად.

არასამთავრობო ორგანიზაციას შეფასებების გასამყარებლად რამდენიმე შემთხვევაც აქვს.

22 თებერვალს გლდანის #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა 41 წლის პატიმარი, გოჩა არჩაია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დრომდე მძიმე იყო, რადგან მას რამდენიმე მძიმე დაავადება ჰქონდა. ”ადამიანის უფლებათა ცენტრმა” კომისიას ჯერ კიდევ 2011 წლის 22 სექტემბერს მიმართა და მოითხოვა პატიმრის გათავისუფლება, მაგრამ კომისიას ცენტრის მიმართვა არ განუხილავს.

”ადამიანის უფლებათა ცენტრმა” კომისიას ასევე მიმართა 2011 წლის 5 აგვისტოს რუსთავის #17 დაწესებულებაში მყოფი თემურ ახმედოვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შესწავლისა და მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით. ამის შემდეგ ახმედოვის საქმეზე ცენტრმა კომისიას კიდევ არაერთხელ მიმართა, მაგრამ არც ერთ მიმართვზე პასუხი არ მიუღია. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ახმედოვის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

”ადამიანის უფლებათა ცენტრი” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის, იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ კომისიას მოუწოდებს, დროულად დაინტერესდეს მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა განცხადებებით და საქმეების სიმძიმის შესაბამისად, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.

უკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულზე, რომელიც გასული წლის სექტემებრში გარდაიცვალა, ”ნეტგაზეთი” რამდენიმე თვის წინ წერდა.

მსჯავრდებულ გოჩა დეისაძეს ერთდროულად რამდენიმე მძიმე დაავადება აწუხებდა. 2011 წლის ივნისში გაკეთებული ანალიზების საფუძველზე, 5 აგვისტოს მისმა ადვოკატმა მაია ჯულაყიძემ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიიღო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გოჩა დეისაძე პროგნოზულად მძიმე (რაც ნიშნავს, რომ მისი სიკვდილი უახლოეს მომავალში არ იყო მოსალოდნენლი. მომაკვდავ პაციენტებს აკუთვნებენ პროგრესულად მძიმე კატეგორიას) ავადმყოფი იყო და მას ტუბერკულოზის მძიმე ფორმა ჰქონდა.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ადვოკატმა 8 აგვისტოს მიმართა ჯანდაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთობლივ კომისიას, რომელიც განიხილავს მძიმე ავადმყოფი პატიმრების სასჯელისგან გათავისუფლების საქმეს.  ადვოკატმა განცხადებაში მიუთითა, რომ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გოჩა დეისაძის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მის განცხადებას თან ერთვოდა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა.

ადვოკატმა კომისიისგან პასუხი 2011 წლის 11 ოქტომბერს მიიღო. კომისია დეისაძის ადვოკატისგან დამატებით დოკუმენტებს ითხოვდა საქმის განსახილველად. ამ დროს მსჯავრდებული 1 თვის გარდაცვლილი იყო.

ამავე თემაზე:

პატიმარი, რომელიც გარდაცვალებამდე სიკვდილს ნატრობდა


მასალების გადაბეჭდვის წესი