ახალი ამბები

სააკაშვილი: ჩემი პირადი არ არსებობს

5 მარტი, 2012 •
სააკაშვილი: ჩემი პირადი არ არსებობს

დღეს, 5 მარტს, ახმეტაში ახალი საავადმყოფოს გახსნისთვის ჩასულმა პრეზიდენტმა საკუთარი სიტყვა პირადი მესიჯის წაკითხვით დაიწყო. სააკაშვილის თქმით, SMS-ი მის მეგობარს ეკუთვნის, რომელმაც კუს ტბაზე ვარჯიშისას გაგონილი დიალოგი გაუზიარა მეგობარს:

“ერთი ქალი უყვებოდა დანარჩენ ორს, ამას წინათ მიშა საავადმყოფოს ხსნიდაო და პაციენტი არ ყავდათო, ხომ გეცინებათ? ვიღაც “გალსტუკიანი” და “ტუფლებიანი” კაცი იპოვეს, ლოგინში ჩააწვინეს და საბანი გადააფარესო, ვერაფრის გახდა ვერ მოასწრესო. აი, თქვენ გეცინებათ და ეს ხალხი ამას სრულიად სერიოზულად ლაპარაკობს, მერე უკვირთ, რომ ვიძახი, ვაი, ამათ პატრონს-მეთქი, სინამდვილეში, ის, ვინც ამას იგონებს, ისევე როგორც იმას, რომ საავადმყოფოში აპარატურა აქეთ–იქით დააქვთ და როცა წავალ, ამ აპარატურას წაიღებენ, ალბათ, ლაგოდეხში ან ყაზბეგში”.

პრეზიდენტის განცხადებით, ამ ადამიანებს ყველაზე მეტად თანასწორობის იდეა აღიზიანებთ.

მიხეილ სააკაშვილი თავის სიტყვაში საპარლამენტო გამოსვლასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მის ნათქვამს, რომ უფრო გამდიდრდა, არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეს:

“რა თქმა უნდა, მე არაფერი ფული არ მომმატებია, გარდა იმ ხელფასისა, რომელსაც ვიღებ, მაგრამ მე ის ვთქვი, რასაც ისინი ვერასოდეს ვერ გაიგებენ, ჩემი პირადი არ არსებობს. ეს საავადმყოფო რომ გაიხსნა, ეს არის ჩემი და ეს არის თქვენი; გზები რომ შენდება, ეს არის ჩემი და ეს არის თქვენი; სკოლები რომ შენდება, ეს არის ჩემი და თქვენი შვილების; ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე რაღაც შემოსავალი გამიჩნდა. რა შემოსავლები უნდა გაგიჩნდეს და რა ვილები უნდა აიშენო? რა შვეიცარულ ბანკში ანგარიშები უნდა გახსნა ისეთი, რომ ეს გაცვალო იმაზე, რომ შენ ახალ ქვეყანას აშენებ? რომ შენ თანამოქალაქეებს ასეთ პირობებს უქმნი, რომ ქრთამს აღარავინ იღებს, რომ მოქალაქეებს აღარავინ ამცირებს, რა ფულზე იცვლება ეს და რა მატერიალურ კეთილდღეობაზე?”

სააკაშვილის განცხადებით, არც მინისტრებს გაუმჯობესებიათ მატერიალური კეთილდღეობა:

“მაგრამ თუკი მათ გარშემო სოფლებში რაღაც კეთდება, თუკი იმ სოფლებიდან, საიდანც ისინი წარმოშობით არიან, ხალხი უკეთესად იცხოვრებს, ე.ი. ისინიც უფრო მდიდრები არიან. თუკი პრეზიდენტის ქვეყანა, ჩემი ქვეყანა უკეთესად იცხოვრებს, რა თქმა უნდა, მეც უფრო მდიდარი ვიქნები და ეს არ აისახება არანაირ დეკლარაციებში. ჩემი დეკლარაციები ბევრით არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც იყო 5–6 წლის წინ. ჩემი დეკლარაცია არის მთლიანად საქართველო. აი, ეს საავადმყოფოა ჩემი დეკლარაცია; აი, ეს ახალი სკოლებია ჩემი დეკლარაცია, ეს ახალი ქალაქები, ახალი მთა–თუშეთი, რომელსაც გავაკეთებთ და გავალამაზებთ, ახალი თელავი, ახალი ყვარელი, ლაზიკა, ახალი ბათუმი, თბილისი, ამით წარვსდგებით ჩვენ ჩვენი ხალხის, მსოფლიოს და ისტორიის წინაშე.“

პრეზიდენტმა რუსეთსა და საქრთველოს ხელისუფლების მენტალურ სხვაობაზეც ისაუბრა და უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით მისი ინიციატივის უკუკავშირი შეაფასა:

“იქ ყველაფერს წყვეტს, თანამდებობის პირს რამდენი აქვს ფული ჯიბეში, იქ, პირველ რიგში, ფულს აძლევენ თანამდებობის პირს და ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხამდე ის არ მივიდეს. რაც არ უნდა მოხდეს იმ ქვეყანაში, დღევანდელი მათი კურსი, დღევანდელი მათი პოლიტიკით, რა არჩევნებიც არ უნდა ჩაატარონ ან დადგან, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, მათ არ აქვთ მომავალი, ისინი აშენებენ წარსულს”.

პრეზიდენტის განცხადეით, რუსეთის მხრიდან წარსულის შენება საბჭოთა კავშირის ჰიმნის აღდგენითაც გამოიხატება და რუსეთს საბჭოთა იმპერიის ან ევრაზიის აღდგენის ლოზუნგები აქვს.

“ისინი მენტალურად აბრუნებენ უკან თავის ქვეყანას. ჩვენ ვაშენებთ მომავალს, ე.ი. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ყველაფერს.”

მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის ხელისუფლება ტყუილშიც ამხილა და აღნიშნა, რომ მათი რიტორიკა, რომ  პრობლემა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან აქვთ და არა ქართველ ხალხთან, ტყუილია და მეტი არაფერი:

“შევთავაზეთ, ჩვენ გავაუქმებთ სავიზო რეჟიმს და გაძლევთ შანსს, არაფერი არ გაუკეთოთ საქართველოს ხელისუფლებას, გაუკეთეთ ქართველ ხალხს და გააუქმეთ სავიზო რეჟიმი მათთვის. ამის საპასუხოდ ეგრევე შეცვალეს თავისი პირველი ჩვენება, უფრო მეტიც, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრეებმა, გადაწყვიტეს, რომ მათი ხალხის საქართველოში ჩამოსვლაც არ აწყობთ და ჩემი წინადადების საპასუხოდ გამოაცხადეს, რომ რუსების საქართველოში ჩამოსვლა არის საშიში, რადგან საქართველოში არ არის რუსეთის საელჩო. თუ რამდენიმე ასეული რუსეთის უშიშროების აგენტი არ მოკალათდა რუსეთის საელჩოს შენობაში თბილისში და არ დაუწყო თვალთვალი საკუთარ მოქალაქეებს, არ შეიძლება იმათი აქ გამოშვება.

აი, ეს არის განსხვავება, ჩვენ არ გვეშინია, არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების სადმე გაშვება, არამედ არ გვეშინია იმ ქვეყნის მოქალაქეების შემოშვება, ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დამპყრობელია. ჩვენი პატარა ქვეყანა დარწმუნებულია თავის ძალებში, თავის მომავალში, განვითარებაში. ამიტომ მათ ელოდებათ არასტაბილურობა, ამის ფონზე ჩვენ განსაკუთრებით ჩქარა უნდა განვვითარდეთ, განსაკუთრებით ბევრი უნდა ავაშენოთ, ვიშრომოთ, ფართოდ უნდა გავშალოთ ფრთები და, რა თქმა უნდა, შორს არ არის ის დრო, როცა საქართველო გათავისუფლდება. იმიტომ, რომ ის, ვინც წარსულს აშენებს, მას არ შეიძლება მომავალი ჰქონდეს. ის, ვინც ჩვენს ტერიტორიაზე ბაზებს აშენებს, იმას არ შეიძლება მომავალში ჰქონდეს იმედი, რომ ამ ტერიტორიას შეინარჩუნებს. რაც უფრო მალე ავაშენებთ მომავალს, მით უფრო მალე ექნება ამ მომავალში ადგილი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს.”

დღესვე პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა ახმეტაში დაახლოებით 50 წლის მანძილზე მომუშავე ექიმი, ქირურგი  ანზორ ალხანაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი