ახალი ამბები

„ქართუ“ ქურდაძის ბრალდებას უპასუხებს

5 მარტი, 2012 •
„ქართუ“  ქურდაძის ბრალდებას უპასუხებს

„ქართუ ბანკის“ ადმინისტრაცია ბანკის დირექტორატის წევრის და იურიდიული სამსახურის უფროსის რამაზ ქურდაძის  ბრალდებებს  მოგვიანებით უპასუხებს.

„ნეტგაზეთს“ „ქართუს“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ნატა ხაინდრავამ განუცხადა, რომ რამაზ ქურდაძის განცხადებას უპასუხოდ არ დატოვებენ.

რამაზ ქურდაძემ „ქართუ ბანკის“ იურიდული დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. მან ბანკიდან წასვლის მიზეზების შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი2“–თან ისაუბრა.

„ჩემი პოლიტიკური შეხედულებები ყოველთვის გაცხადებული მქონდა. ამის გამო დისკომფორტი არ  შემქმნია ბოლო დრომდე, ვიდრე ბანკი აქტიურად არ ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში ღიად. ამან დაღი დაასვა ჩემს საქმიანობას და თანდათანობით მიჭირდა მუშაობა. ჩემი წამოსვლის ერთ–ერთ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ჩამერიცხა ალოგიკურად მაღალი ოდენობის პრემია, რომელიც უნდა გადარიცხულიყო შემდგომში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოძრაობის ანგარიშზე, რასაც მე არ ვაპირებდი და არც ვაპირებ.   მივიღე  გადაწყვეტილება,  დამეტოვებინა ბანკი“.

რამაზ ქურდაძის განცხადებით, ის ამ თანხას არ გამოიყენებს და გადმომრიცხავს დაუბრუნებს.

ქურდაძის განცხადებამდე ორი დღით ადრე საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა  საქართველოს მოქალაქეები სპეციალური მიმართვით გააფრთხილა, რომ შესაძლოა მათი გამოყენება ცალკეული პოლიტიკური მიზნებისათვის მომხდარიყო.

“ჩვენი ინფორმაციით, არის მათი კორუფციული სქემებისათვის გამოყენების ცალკეული მცდელობები. ამიტომ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, მაქსიმალურად აიცილონ თავიდან უკანონო გარიგებებში მონაწილეობა,“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გაავრცელა.

აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მოგელაძემ 3 მარტს თხოვნით მიმართა პოლიტიკურ სუბიექტებს, რომ მათი მიმდინარე ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარედგინათ, რაც  გათვალისწინებულია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად.

მასალების გადაბეჭდვის წესი