ახალი ამბები

“გამაფრთხილებელი წირვა” ბათუმში [video]

4 მარტი, 2012 •
“გამაფრთხილებელი წირვა” ბათუმში [video]

“გამაფრთხილებელი წირვა” დღეს ბათუმში დილის 10 საათიდან ზვიად გამსახურდიას ქუჩის დასაწყისში არსებულ სკვერში, იქ, სადაც 1921 წლის მარტში ბათუმის გათავისუფლებისთვის დაღუპული იუნკრების საფლავებია, მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივით ტარდება.
წირვამდე ერთი კვირით ადრე მართლმადიდებელი სასულიერო პირები მედიასთან კომენტირებისას აცხადებდნენ, რომ 4 მარტს გაიმართებოდა გამაფრთხილებელი წირვა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ.
დეკანოზმა შიო პაიჭაძემ “ტელეარხ 25”-ის ეთერში განაცხადა:
“ჩვენ, ეკლესია არ არის მოძალადე მხარე, ეს იცის ყველა ქართველმა. მთავარი საკითხი რა არის, თუ ეს (აზიზიეს მეჩეთი) მართლა კეთდება შეუთანხმებლად, ჩვენ ჩვენი გმირების საფლავზე დავიწყებთ ტაძრის მშენებლობას და კანონიერად, რა თქმა უნდა, მოხდება ეს იმიტომ, რომ თუ ასე წავიდა საუბარი, მაშინ სამოციქულო ეკლესია მოითხოვს სწორედ იმ ადგილებსაც, აი, ინტურისტების ადგილზე იყო დიდი ყოფილი ეკლესია-სობორი. მაშინ კანონმდებლობით ჩვენ საქართველოს სამოციქულო ეკლესია… ავაშენებთ ტაძრებს… მთავარი არის, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ ის, რაც ეკუთვნის საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. საქართველოს სამოციქულო ეკლესია ერიდება ამას სწორედ იმიტომ, რომ არის განთავსებული სხვა დაწესებულებები. თუმცა შეგახსენებთ, რომ ნაეკლესიარ ადგილზე არ შეიძლება რამე სხვა დაწესებულება არსებობდეს – ვერ გაიხარებს ის დაწესებულება, რომელიც ეკლესიის ფუნდამენტზეა“.
წირვის დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მლოცველებს შეუერთდა ბათუმის მეჩეთის წინამძღვარი, იმამი ჯემალ პაქსაძე, რომელმაც ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
„ბათუმელების” მიერ გამოკითხული10 მოქალაქიდან მხოლოდ ერთმა თქვა, რომ ზიარების მისაღებად მივიდა დღეს იუნკრების საფლავზე, სხვები კი ამბობდნენ, რომ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას აპროტესტებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი