მიხეილ სააკაშვილი დღეს პრეზიდენტის სასახლეში სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა მთავარი აქცენტი სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამებში ჩართვასა და მათი საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების საკითხზე გააკეთა:
“ძალიან მომწონს სტუდენტების დასაქმების პროგრამა, ეს მართლაც მნიშვნელოვანი პროგრამაა. მთავარი რაც იცვლება, ეს არის ადამიანის დამოკიდებულება შრომის მიმართ. დღეს ახალგაზრდას აღარ წყინს შრომა. შრომა, რომელიც შენს ოჯახს აჭმევს, არც ერთ შემთხვევაში არ არის დასაძრახი. ადამიანი, როცა შრომობს დღეს პიცერიაში, ხვალ პრეზიდენტია, ეს არის განსხვავება მენტალიტეტში”.
პრეზიდენტის თქმითვე, სტუდენტები საზაფხულო დასაქმების პროგრამაში 400 ლარზე ოდნავ მეტ თანხას აიღებენ.
ასევე, იგეგმება პროფორიენტაციის კურსების ფორმირება, რადგან ხშირად 15–16 წლის ახალგაზრდა იძახის, რომ არ იცის, ცხოვრებაში რა უნდა:
“ეს უნდა დავამთავროთ, ადამიანმა უნდა იცოდეს, რა უნდა,” – განაცხადა პრეზიდენტმა.
მომავალი წლიდან უცხოეთში გაცვლითი პროგრამების ქსელიც გაფართოვდება:
“თქვენ იცით, რომ ძირითადად ტექნიკურ ფაკულტეტებს ვაფინანსებთ, თუმცა მომავალი წლიდან, ყველაზე უფრო ბრწყინვალე პროფესიებში, ჰუმანიტარული ფაკულტეტიდან დავუშვებთ ქვოტებს უცხოეთში სასწავლებლად”.
პრეზიდენტმა სტუდენტებს მოუწოდა, უცხოეთში საზაფხულო სკოლებში წავიდნენ სასწავლებლად და დაპირდა, რომ მომავალ წელს 6 000 ადამიანს სახელმწიფო მგზავრობის ფულს აუნაზღაურებს:
“ყველას, ვინც ნორმალურ სასწავლებელში რამდენიმეკვირიან გამოცდილებას მიიღებს, დაგიფინანსებთ გზას. ვნახოთ, ისინი რას დააფინანსებენ და დანარჩენს ჩვენ ავანაზღაურებთ. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალური რაოდენობის ხალხი დროებით გადიოდეს სასწავლებლად”.
შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინიც ესწრებოდა. მისი თქმით, საქართველოში 100 000 სტუდენტია.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, წელს ბათუმში ტექნოლოგიური სასწავლებლის ნაწილი გაიხსნება, ხოლო მომავალ წელს სრული მასშტაბით გაიხსნება ნამდვილი ამერიკული, უმაღლესი კლასის სრულფასოვანი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.