სამხედრო ვერტმფრენთა პოლკის შექმნასა და საქართველოს საზღვრიდან 280 კილომეტრში, ნოვოროსისკში, მის განთავსებასთან დაკავშირებით რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს, 2 მარტს გამოეხმაურა. ”ეს ნაბიჯი წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ღია და დაუფარავ მუქარას და არავითარ ეჭვს არ ტოვებს, თუ კონკრეტულად ვის წინააღმდეგ არის მიმართული რუსეთის ფედერაციის ეს მორიგი აგრესიული ქმედება,” – მიაჩნიათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
”2012 წლის 1 მარტს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ცნობა რუსეთის ფედერაციის საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდლის ვ.შამანოვის განაცხადების შესახებ, მის დაქვემდებარებაში მყოფ ჯარებში პირველი ვერტმფრენების პოლკის შექმნისა და მისი ნოვოროსიისკში განთავსების თაობაზე. ამასთან, სარდალმა ვერტმფრენების პოლკის შექმნისა და დისლოკაციის ადგილის შერჩევის დასაბუთებისას განაცხადა: „…თუ გავითვალისწინებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციის ხშირ გართულებას. საქართველოსთან ურთიერთობებში დაძაბულობა მატულობს. გვაქვს პრობლემები ჩვენს ჩრდილოეთ კავკასიაში. სწორედ იქ დავიწყებთ სამხედრო ოპერაციების განხორციელებისას ვერტმფრენების გამოყენებას”. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, რომ შარშან რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განალაგა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი «Точка-У»-ს და „სმერჩის” რეაქტიული სისტემით შეიარაღებული საარტილერიო დივიზიონები.
მოსკოვის ეს ნაბიჯი წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ღია და დაუფარავ მუქარას და არავითარ ეჭვს არ ტოვებს, თუ კონკრეტულად ვის წინააღმდეგ არის მიმართული რუსეთის ფედერაციის ეს მორიგი აგრესიული ქმედება. ნათელია, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ იმ აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისა და მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის მოსპობისაკენ არის მიმართული,”- წერია გრიგოლ ვაშაძის უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გამალებული მილიტარიზაცია და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, თუ ვისი ქმედებები არის მთლიანად კავკასიის რეგიონის მადესტაბილიზირებელი ფაქტორი.
”საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა კონფლიქტური სიტუაციების მხოლოდ მშვიდობიანი გზების გამოყენებით დაძლევის კურსის შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად მჭიდროდ და ტრანსპარენტულად თანამშრომლობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომელსაც, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, სამწუხაროდ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეშვებაზე და შესაბამისი მონიტორინგის ჩატარებაზე უარს ეუბნება რუსეთის ფედერაცია. რაც ნათლად მიუთითებს, თუ ვის გააჩნია ფარული თუ შეუნიღბავი აგრესიული ზრახვები და ვინ არის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაძაბულობის ესკალაციის მიზეზი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცედ მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნებისაგან, მიიღონ აქტიური და ქმედითი ზომები, რათა აიძულონ რუსეთი, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, აიღოს ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ და მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის სრული და დაუყოვნებელი დეოკუპაცია,” – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.