ახალი ამბები

53-ე სკოლიდან გარიცხული მოსწავლე 77–ე სკოლაში აღადგინეს

1 მარტი, 2012 •
53-ე სკოლიდან გარიცხული მოსწავლე 77–ე სკოლაში აღადგინეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ალექსიძე #77 სკოლაში თვეზე მეტია აღდგენილია, თუმცა ის სკოლაში არ გამოცხადებულა.

მიხეილ ალექსიძის დედა, ლალი ლეკიშვილი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია დღეს ჟურნალისტებისგან შეიტყო და ამის სათქმელად მას ოფიციალურად არავინ დაკავშირებია:

“მე ექსტერნად სწავლასთან დაკავშირებით მივმართე რესურს-ცენტრს, რომ ბავშვს გამოცდები ჩაებარებინა 53–ე სკოლაში, ისინი დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ექსტერნის გამოცდებს ბავშვი ჩააბარებდა #77 სკოლაში. ამის მიზეზი არ აუხსნიათ,  დოკუმენტიც მაქვს რესურს–ცენტრისგან, რომ მხოლოდ გამოცდები გადაგვიტანეს, ბავშვი იმ სკოლაში ჯერ არ მისულა და არც გამოცდები ჩაუბარებია, დღეს კი გავიგე, რომ უკვე აღადგინეს. მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ დირექტორს, რომელიც, როგორც პრეზიდენტი და 53–ე სკოლის დირექტორი ამბობენ, “ქურდული მენტალიტეტის მქონე ბავშვის” სკოლაში მიღებას დათანხმდა,” – განაცხადა მიხეილ ალექსიძის დედამ.

დღესვე #53 სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ ალექსიძე სკოლიდან მხოლოდ შინაგანაწესის უხეში დარღვევის გამო გაირიცხა:

“ყველას უნდა ესმოდეს, რომ სკოლა არ არის ქუჩური გარჩევების ადგილი, ასე იყო წარსულში და გარწმუნებთ, რომ ეს წარსული აღარასდროს დაბრუნდება”, – განაცხადა ტარას შავშიშვილმა “palitratv”–სთან საუბარში.

მიხეილ ალექსიძე 53–ე სკოლიდან, დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2011 წლის 13 ოქტომბერს გაირიცხა, საქმე ამავე დღეს ჯგუფური ხულიგნობის მუხლით აღიძრა. მიხეილ ალექსიძის გარიცხვასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.

53–ე სკოლიდან ალექსიძის გარიცხვის ფაქტი დებატების საგანს წარმოადგენდა პრეზიდენტის წლიური ანგარიშის განხილვისას პარლამენტში. მიხეილ სააკაშვილმა მოსწავლეს ხულიგანი უწოდა.

”თქვენ ახსენეთ აქ ერთი ხულიგანი, რომელიც გარიცხეს 53–ე სკოლიდან იმისთვის, რომ დირექტორზე გაიქაჩა და მერე თქვა, რომ ვაკეში თუ არ ვისწავლი, ისე არსად არ ვისწავლიო. მე კარგად მახსოვს ეს ისტორია და მახსოვს იმიტომ, რომ ეს არის გამონაკლისი. 10 წლის წინ ასეთი ხულიგნები მართავდნენ სკოლებსა და კლასებს. ჩემი და თქვენი შვილები დადიან სკოლაში და არ გვეშინია, რომ ვინმე დანას და “სპიცს” გაუყრის და ეს იმიტომ, რომ ასეთი ხულიგნები აღარ არიან. ჩემი მიზანია, რომ სანამ ეს მე მომეკითხება, კრიმინალი არასდროს დაბრუნდეს საქართველოში და არასდროს დაბრუნდეს სკოლებში, ჩვენი სკოლები იყოს 100%–ით უსაფრთხო,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

ეს იყო პრეზიდენტის პასუხი უმცირესობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მიხეილ ალექსიძეს სახელმწიფომ განათლების უფლება წაართვა.

პრეზიდენტის ამ განცხადებას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ლევან ვეფხვაძის მხრიდან დარბაზშივე მოჰყვა გამოხმაურება:

“ნებისმიერ ქვეყანაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგებოდა, როცა ის ბავშვს ხულიგანს უწოდებს,”–აღნიშნა ვეფხვაშძემ.

სააკაშვილის შეფასებას ასევე გამოეხმაურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელმაც სპეციალური განცხადება გაავრცელა:

“ხულიგნობა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, ხოლო პირის დამნაშავედ ცნობის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სასამართლოს. პირი დამნაშავედ ითვლება მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიხეილ ალექსიძის ხულიგნად მოხსენიებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით აღიარებულ უდანაშაულობის პრეზუმფცია და უხეშად შეილახა არასრულწლოვნის უფლებები” , – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი