ახალი ამბები

”ქართული ოცნებისთვის” შემოვლებული ღობის საკითხი სასამართლოში გადაწყდება

1 მარტი, 2012 •
”ქართული ოცნებისთვის” შემოვლებული ღობის საკითხი სასამართლოში გადაწყდება

როსტომ მეფის სასახლე
როსტომ მეფის სასახლე

ბიძინა ივანიშვილის კომპანია ”ახალი კაპიტალი” თბილისის განვითარების ფონდს თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივის. ”ახალი კაპიტალი” სასამართლოსგან იმ ხის ღობის მოხსნას ითხოვს, რომელიც თბილისის განვითარების ფონდმა პარტია ”ქართული ოცნების” სათაო ოფისისთვის განკუთვნილ შენობას, როსტომ მეფის სასახლეს რამდენიმე თვის წინ შემოავლო. ხის ღობემ შენობის ცენტრალური, ასევე, ავტოსადგომის შესასვლელები ჩაკეტა.

დღეს, 1 მარტს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე, მომჩივანი მხარის – ”ახალი კაპიტალის” – ადვოკატებმა, ეკა ბესელიამ, არჩილ კბილაშვილმა და ლევან ჩხეიძემ,  სხვადასხვა მტკიცბულებებთან ერთად მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილს როსტომის სასახლის ფოტოებიც გადასცეს. ადვოკატებმა სხდომაზე ერთადერთი შუამდგომლობა დააყენეს.

”ახალი კაპიტალის” ადვოკატებმა სასამართლოსგან მოითხოვეს როსტომ მეფის სასახლისა და მასზე შემოვლებული ღობის ადგილზე დათვალიერება. მათი თქმით, შენობას გააჩნია ერთადერთი მთავარი შესასვლელი, რომელიც ხის ღობით არის ჩაკეტილი და ზღუდავს შენობის მფლობელთა უფლებას, სრულყოფილად ისარგებლონ თავიანთი საკუთრებით.

ადვოკატ არჩილ კბილაშვილის თქმით, თბილისის განვითარების ფონდმა როსტომ მეფის სასახლეს ხის ღობე იმიტომ შემოავლო, რომ ერეკლეს მოედანზე მდებარე ერთ-ერთი შენობის დემონტაჟის უსაფრთხოება უზრუნველეყო.

თუმცა შენობას, რომელსაც თბილისის მერიის დავალებით ანგრევენ, ღობე არა აქვს და მის სიახლოვეს ავტომობილები და ადამიანები ჩვეულებრივ მოძრაობენ.

”ახალი კაპიტალის” ადვოკატების მოსაზრებით, ადგილზე გასვლა და დათვალირება დიდ ხარჯებთან და დროსთან არ არის დაკავშირებული. მათი თქმით, ეს საჭიროა, რათა სასამართლომ უფრო ცხადად და ადვილად აღიქვას პრობლემის არსი, რისი გადმოცემაც ფოტომასალით ნაკლებად სრულყოფილი იქნება.

აღნიშნულ შუამდგომლობას ნაწილობრივ არ დაეთანხმა თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენელი ირაკლი გაფრინდაშვილი. მისი თქმით, ხის ღობეს როსტომის სასახლის შესასვლელი სრულად ბლოკირებული არ აქვს და შენობის გვერდით ღიაა ღობის გარკვეული ნაწილი, რომლითაც შენობის მეპატრონეებს თავისუფლად შეუძლიათ სარგებლობა.

”ახალი კაპიტალის” ადვოკატმა ეკა ბესელიამ გაფრინდაშვილის მოსაზრება უარგუმენტოდ მიჩნია. მისი თქმით, ღობეში არსებული ”ღრიჭო” არ ნიშნავს, რომ შენობის შესასვლელი არ არის ბლოკირებული.

”ასე შეიძლება საჰაერო გზებითაც მოვხვდეთ შენობაში, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მთავარი შესასვლელი თავისუფალია?” – იკითხა ეკა ბესელიამ.

მოსამართლემ მომჩივანის აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკამყოფილა, რადგან ის ”მიზანშეუწონლად” მიიჩნია. მოსამართლე თამარ  ჭუნიაშვილმა განაცხადა, რომ ადგილზე დათვალიერების საჭიროება სამომავლოდ თუ დადგა, ექსპერტს მოიწვევენ ამის გასაკეთებლად.

აღნიშნულის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის კომპანიის, ”ახალი კაპიტალის” ადვოკატებმა სასამართლოს შესთავაზეს, მოსამზადებელი სხდომა დღესვე გადაზრდილიყო მთავარ სხდომაში, რასაც მოპასუხე არ დაეთანხმა. ირაკლი გაფრინდაშვილმა სასამართლოსგან მოითხოვა ”გონივრული ვადა,” რათა თბილისის განვითარების ფონდი ”ახალ კაპიტალთან” საქმის მორიგებით დასრულებას შეეცადოს.

მოსამართლემ განაცხადა, რომ სამომავლოდ კიდევ ერთი მოსამზადებელი სხდომა გაიმართება, რომლის გამართვის თარიღსაც სასამართლო მხარეებს უახლოეს ერთ კვირაში შეატყობინებს.

ავდოკატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  ისინი თბილისის განვითარების ფონდს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოურიგდებიან და შეწყვეტენ სამოქალაქო დავას, თუ ”ქართული ოცნების” სათავო ოფისისთვის განკუთვნილ შენობას თბილისის განვითარების ფონდი ხის ღობეს მოხსნის.

როსტომ მეფის სასახლის გარშემო შექმნილი პრობლემების გასაცნობად მოძრაობა ”ქართულმა ოცნებამ” როსტომის სასახლეში უცხოელ დიპლომატებს 23 იანვარს უმასპინძლა. ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა დიპლომატებს როსტომის სასახლე და მიმდებარე ტერიორია სრულად დათავლიერებინეს.

ვიდეო: ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური

ამავე თემაზე:

დიპლომატების შეხვედრა ”ქართულ ოცნებაში”

როსტომ მეფის სასახლის საქმე სასამართლოში


მასალების გადაბეჭდვის წესი