დღეს საქალაქო სასამართლოში 53–ე სკოლიდან გარიცხული მოსწავლის საქმესთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დაზუსტდა სარჩელის მოთხოვნა, ასევე, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები.
მხარეებთან შეთანხმების საფუძველზე, მოსამართლე ნინო შარაძის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს წარმოადგენს 53–ე სკოლის ყოფილი მოსწავლე, არასრულწლოვანი მიხეილ ალექსიძე. მის ინტერესებს სასამართლოში, კანონიერ წარმომადგენელი, მშობელი ლალი ლეკიშვილი წარმოადგენს, რომელთანაც მინდობილობა აქვთ ვიქტორ შერმადინს, მაია დემეტრაძესა და ლიკა წიკლაურს.
დღეს სხდომაზე არ გამოცხადებულა თავად ალექსიძე:
“ცუდად თუ მოქმედებს გარემო და მისთვის პროცესზე გამოცხადება დამთრგუნველია, ჩვენ არ გვინდა ზემოქმედება ვიქონიოთ. თუ საჭირო გახდა სასამართლოსთვის ახსნა განმარტების მიცემა, ალექსიძე მობრძანდება და მისცემს ახსნა–განმარტებას,” – განაცხადა მოსამართლემ.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ დისციპლინარული კომიტეტის სხდომის ოქმი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით გამოიცა, რის გამოც კომიტეტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვს.
ამ ნაწილში მოპასუხის განსაზღვრა სასამართლოში დავის საგანი გახდა. მოსარჩელე მხარე მოითხოვდა, რომ მოპასუხე ამ შემთხვევაში უნდა იყოს დისციპლინარული კომიტეტი. 53–ე სკოლის წარმომადგენლის გია ფოლადაშვილის თქმით კი, ის კომიტეტი, რომელმაც ალექსიძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო, იმ შემადგენლობით აღარ ფუნქციონირებს, ამიტომ ახალი შემადგენლობისთვის პასუხის მოთხოვა მათთვის არალოგიკურია.
იურისტი ლიკა წიკლაური აღნიშნავს, რომ დისციპლინარული კომიტეტი დამოუკიდებელი პირია:
“თუკი მხოლოდ სკოლა იქნება მოპასუხე, რომელსაც დირექტორი წარმოადგენს, სასამართლოს მიერ რომც დაევალოს აქტის გაუქმება, იგი არ იქნება უფლებამოსილი, რადგან მხოლოდ და მხოლოდ კომიტეტს აქვს უფლებამოსილება, რომ გარიცხვის თაობაზე მიიღოს გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია, დისციპლინარული კომიტეტი ჩართული იყოს როგორც მოპასუხე, რადგან დავის საგანს წარმოადგენს მის მიერ დამოუკიდებლად გამოცემული აქტი”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავის ამ ნაწილში მოპასუხე მხარედ მითითებულ იქნას დისციპლინარული კომიტეტი.
დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილება ეხება არა მხოლოდ მიხეილ ალექსიძეს, ასევე, მეორე არასრულწლოვანსაც. მოსარჩელეებმა დააზუსტეს, როს აქტის ბათილად ცნობას ნაწილობრივ, მხოლოდ ალექსიძის ნაწილში მოითხოვენ.
მოსარჩელე ასევე მოითხოვს 53–ე სკოლის დირექტორის, ტარას შავშიშვილის ბრძანების ბათილად ცნობას. იურისტ ლიკა წიკლაურის განცხადებით, დირექტორი არ იყო უფლებამოსილი აღნიშნული აქტის გამოცემაზე:
“შესაბამისად, მესამოცე პრიმა მუხლი გვაძლევს საშუალებას, მოვითხოვოთ აღნიშნული აქტის ბათილად ცნობა”.
ამ შემთხვევაში კი, მოპასუხე მხარეს საქმეში წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი 53–ე სკოლა და მისი წარმომადგენელი ტარას შავშიშვილი.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ორი მოპასუხე ჰყავს: 53–სკოლის და დისციპლინარული კომიტეტის სახით.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაზუსტებული სარჩელი, შესაბამისი შუამდგომლობებით და გაფართოებული მოპასუხე წრით, 5 მარტის ჩათვლით უნდა მიეწოდოს სასამართლოს. მეორე მოსამზადებელი სხდომა კი 12 მარტს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ალექსიძე, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით, გასული წლის 13 ოქტომბერს გაირიცხა სკოლიდან. იმავე დღეს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობის მუხლით. ალექსიძე მოწმის სტატუსით დაიკითხა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს.
მიხეილ ალექსიძის მშობელი იმ აქტების გაუქმებას ითხოვს, რომელის მიხედვითაც მოსწავლე სკოლიდან გარიცხეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომლითაც მან განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს მიმართა.
“საქმეში არსებული ახსნა–განმარტებები მოწმობს, რომ ადგილი ჰქონდა სკოლის დირექტორის მხრიდან კომიტეტის წევრებზე ზეწოლის ფაქტს. გადაწყვეტილება მიხეილ ალექსიძის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე არ იყო დასაბუთებული და დისციპლინური კომიტეტის მიერ მოსწავლის მიმართ სკოლიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ჩაითვალოს არათანაზომიერად,”- წერია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში.
53–ე სკოლიდან ალექსიძის გარიცხვის ფაქტიც დებატების საგანს წარმოადგენდა პრეზიდენტის წლიური ანგარიშის განხილვისას პარლამენტში. მიხეილ სააკაშვილმა მოსწავლეს ხულიგანი უწოდა.
”თქვენ ახსენეთ აქ ერთი ხულიგანი, რომელიც გარიცხეს 53–ე სკოლიდან იმისთვის, რომ დირექტორზე გაიქაჩა და მერე თქვა, რომ ვაკეში თუ არ ვისწავლი, ისე არსად არ ვისწავლიო. მე კარგად მახსოვს ეს ისტორია და მახსოვს იმიტომ, რომ ეს არის გამონაკლისი. 10 წლის წინ ასეთი ხულიგნები მართავდნენ სკოლებსა და კლასებს. ჩემი და თქვენი შვილები დადიან სკოლაში და არ გვეშინია, რომ ვინმე დანას და “სპიცს” გაუყრის და ეს იმიტომ, რომ ასეთი ხულიგნები აღარ არიან. ჩემი მიზანია, რომ სანამ ეს მე მომეკითხება, კრიმინალი არასდროს დაბრუნდეს საქართველოში და არასდროს დაბრუნდეს სკოლებში, ჩვენი სკოლები იყოს 100%–ით უსაფრთხო,” – განაცხადა პრეზიდენტმა.
ეს იყო პრეზიდენტის პასუხი უმცირესობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მიხეილ ალექსიძეს სახელმწიფომ განათლების უფლება წაართვა.
პრეზიდენტის ამ განცხადებას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ლევან ვეფხვაძის მხრიდან დარბაზშივე მოჰყვა გამოხმაურება:
“ნებისმიერ ქვეყანაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგებოდა, როცა ის ბავშვს ხულიგანს უწოდებს,”–აღნიშნა ვეფხვაშძემ.
სააკაშვილის შეფასებას ასევე გამოეხმაურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელმაც სპეციალური განცხადება გაავრცელა:
“ხულიგნობა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, ხოლო პირის დამნაშავედ ცნობის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სასამართლოს. პირი დამნაშავედ ითვლება მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიხეილ ალექსიძის ხულიგნად მოხსენიებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით აღიარებულ უდანაშაულობის პრეზუმფცია და უხეშად შეილახა არასრულწლოვნის უფლებები” , – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში.