ახალი ამბები

კობა ნარჩემაშვილი: პარლამენტი ქუთაისში უნდა იყოს

18 ივლისი, 2016 • 2245
კობა ნარჩემაშვილი: პარლამენტი ქუთაისში უნდა იყოს

ქუთაისის #49 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს.

“ქუთაისელი ვარ და ვთვლი, რომ პარლამენტი აქ უნდა იყოს, მაგრამ ქალაქი იმხელა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ელოდება, რომ პარლამენტი ერთადერთი საამაყო არ იქნება ჩვენთვის. მათ შორის არის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, სამოცი ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი,”- აღნიშნავს ნარჩემაშვილი.

კითხვაზე, თუ პარლამენტის გადატანის საკითხი კენჭისყრაზე დადგება, მისცემს თუ არა ხმას წინააღმდეგ, ნარჩემაშვილი პასუხობს:

“ალბათ წინააღმდეგ მივცემ ხმას, ვნახოთ.”

კობა ნარჩემაშვილის განმარტებით, არჩევნებში მონაწილეობის შეთავაზება გიორგი კვირიკაშვილისგან მიიღო. მისივე აზრით, ქუთაისის მთავარი პრობლემა სოციალური საკითხებია:

“გასულ ოთხ წელში ამ მიმართულებით ბევრი გაკეთდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც არის პრობლემა დასაქმების საკითხი, სათანადო შემოსავლების საკითხი, ამ შემოსავლების სწორად გადანაწილების საკითხი მოსახლეობაში. არის ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, რომელიც იმ პროგრამით, რომელსაც უახლოეს ხანში “ქართული ოცნება” წარმოადგენს, დაძლევადია.”

დღეს, 20:00 საათზე ქუთაისში პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ წარადგინეს იმერეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მმართველი გუნდიდან, მათ შორის  კობა ნარჩემაშვილი, რომელიც 2001-03 წლებში საქართველოს შს მინისტრი იყო. ნარჩემაშვილმა შს მინისტრის პოსტი “ვარდების რევოლუციის” შედეგად დაკარგა, როცა ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა და, შესაბამისად, გადაყენებული იქნა მთელი მაშინდელი მინისტრთა კაბინეტი. მოგვიანებით ის დააპატიმრეს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, თუმცა მალევე გაათავისუფლეს თანხის გადახდის სანაცვლოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი