თბილისში, ი.ჭავჭავაძის #49–ში დევნილთა საერთო საცხოვრებელი ჩამოინგრა, 6-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო დღის 3 საათზე მთლიანად ჩამოიშალა. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “კოალიცია დევნილი სამოქალაქო საზოგადოებისთვის” ხელმძღვანელი ლელა გულედანი აცხადებს, კორპუსის საგანგაშო მდგომარეობის შესახებ მას დევნილებმა ორი დღის წინ შეატყობინეს:
“ჩვენთან ორი დღის წინ მოვიდნენ დევნილები და შეგვატყობინეს, რომ სახლი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, მე თვითონ მივედი და უკვე სიარულისასაც კი იგრძნობოდა, რომ შენობა ყანყალებდა, გაბზარული იყო კედლები, თუმცა ჯერ კიდევ ორი დღის წინ ზუსტად ამ ადგილზე ბავშვები დარბოდნენ და დღეს ბეწვზე არიან გადარჩენილები”, – ამბობს ლელა გულედანი. მისივე თქმით, დევნილებმა პრობლემის შესასწავლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ერთი თვის წინ მიმართეს, თუმცა სამინისტროდან ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.
ლელა გულედანი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც დევნილებმა არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართეს, ცხელ ხაზზე არაერთი ზარის შემდეგ ადგილზე სპეციალისტები მივიდნენ, მათ დევნილების საცხოვრებელი დაათვალიერეს და უთხრეს, რომ შენობა გამაგრებას ექვემდებარებოდა, სწორედ ამიტომ მათ ნაწილს საკუთარი ნივთებისა და ავეჯის გარეთ გამოტანა არც უფიქრია:
“მიუხედავად ამისა, გუშინ ქვების ცვენა დაიწყო, ამიტომ ხალხმა საკუთარი ბარგის გარეთ გამოტანა დაიწყო, თუმცა სახლის ჩამონგრევა მაინც მოულოდნელი იყო და დევნილთა უმეტესობა დაზარალდა”, – აცხადებს ლელა გულედანი.
დღეს შემთხვევის ადგილზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი მივიდა, მან დაზარალებულებს ალტერნატიული ფართი მოსკოვის პროსპექტის მიმდებარე ტერიტორიაზე, კაიროს ქუჩაზე შესთავაზა, თუმცა დევნილებს შეთავაზებული ფართი არ აკმაყოფილებდათ, მოგვიანებით მოლაპარაკებებმა სპორტის დეპარტამენტში გადაინაცვლა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მსჯელობა დიდხანს გაგრძელდა, თუმცა შეთანხმების მიღწევა მაინც მოხერხდა:
“შეთანხმება შემდეგნაირია, რომ ერთი წლის განმავლობაში სამინისტრო დევნილებს ქირის საფასურს აუნაზღაურებს, ერთ წელიწადში კი ვაკის რაიონში დევნილები ფართით დაკმაყოფილდებიან”, – აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში, მათივე ინფორმაციით, წინადადებას ყველა დევნილი დათანხმდა.
დევნილებმა ერთ წლის მანძილზე ბინა 170 ლარის ფარგლებში უნდა იქირაონ.