“ჩვენი მდგომარეობა იქნება შავი ლაქა განათლების სისტემისა და ქვეყნისათვის”, – ასე შეაფასა პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა მიხეილ ალექსიძის დედამ, ლალი ლეკიშვილმა. მისი თქმით, პრეზიდენტის კომენტარი სრული დეზინფორმაციის შედეგი იყო:
“15 წლის მოზარდი ოთხთვენახევარია ამ უსამართლობის წინაშეა. რამდენი ხანია ვიბრძვი, რომ პრეზიდენტის ყურამდე მივიტანო სიმართლე და ვერ მოვახერხე. არ გვაკმარეს ის, რომ ვიყავით ძველბიჭური მანერებით მოლაპარაკე ქურდული მენტალიტეტის მიმდევრები, თურმე ხულიგნებიც ვყოფილვართ. ამდენი ხნის მანძილზე ვითხოვ რომელიმე სახელმწიფო პირთან შეხვედრას, რომ ვაჩვენო ყველა ის დოკუმენტი, რაც ასახავს მიხეილ ალექსიძის უდანაშაულობას და მე ამას ვერ მივაღწიე, – ამბობს ალექსიძის დედა.
ლალი ლეკვეიშვილის თქმით, მან უამრავი წერილობითი მიმართვა დატოვა სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში, თუმცა პასუხი დღემდე არ ჩანს:
“მე მაქვს ყოფილი დირექტორის, დამრიგებლის, მანდატურის დახასიათებები. პირადად მითხრა მანდატურმა, რომ მიხეილთან არასოდეს არ ჰქონია პრობლემა. მე წერილობით მივმართე პრეზიდენტს, დავტოვე განცხადებები პარლამენტის კანცერლარიაში და ამ განცხადებების ასლები ახლაც მაქვს, განცხადებებთან ერთად მიტანილი მქონდა თვითმხილველების წერილები, მოსწავლეების ახსნა–განმარტებები, მაჩვენეთ, რის გამო ვისჯებით და დაგვსაჯეთ, მთელი ოჯახი მზადაა, მიიღოს სასჯელი”.
ალექსიძის დედა აცხადებს, რომ ის არაერთხელ მივიდა განათლების სამინისტროშიც. მისი თქმით, განათლების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა უთხრა, რომ იმ ვიდეომასალას აჩვენებდა, რომელზეც მისი შვილის ქცევა იყო დაფიქსირებული, თუმცა მსგავსი ვიდეომასალა ამ დრომდე არ უჩვენებიათ.
ლალი ლეკვეიშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ ცუდ მდგომარეობაშია 15 წლის მიხეილ ალექსიძე, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლით მთელი ოჯახი შეურაცხყოფილია:
“პრეზიდენტს საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, რაზეა ლაპარაკი, ამას შეურაცხყოფა აღარ ქვია, თავზე ლაფდასხმული ვართ მთელი ოჯახი, ეს არ არის მარტო ალექსიძის შეურაცხყოფა, ეს არის მისი ოჯახის, მისი მეგობრების, მისი პედაგოგების და საქართველოს შეურაცხყოფა. მე შევთანხმდები ჩემს ადვოკატებთან და არ არის გამორიცხული, ვიჩივლოთ”.
მიხეილ ალექსიძის ადვოკატი ლიკა წიკლაური აცხადებს, რომ ოჯახს ჩივილი ცილისწამების, პატივისა და ღირსების შელახვისთვის შეუძლია. მისივე თქმით, პრეზიდენტმა გუშინდელი გამოსვლისას ცალსახად და უხეშად დაარღვია კანონი:
“პრეზიდენტის აღნიშნული განცხადებით უხეშად დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის აღიარებული. მან მიხეილ ალექსიძე არაერთხელ მოიხსენია ხულიგნად, ხულოგნობა არის სამართლებრივი დანაშაული და დამნაშავედ პირი არ ითვლება მანამ, სანამ არ არსებობს გამამტყუნებელი, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. ალექსიძე არ არის მიჩნეული დამნაშავედ, მის მიმართაც კი არ არის საქმე აღძრული. საქმე აღძრულია ხულიგნობის ფაქტზე, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტის ეს განცხადება იყო ცილისმწამებლური და კანონის უხეში დარღვევით გაკეთებული”, – აღნიშნა ალექსიძის ადვოკატმა.
ლიკა წიკლაურის თქმით, ალექსიძის გარიცხვის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ხვალ უნდა გაიმართოს და პრეზიდენტის განცხადებამ შესაძლოა განაჩენის გამოტანისას გავლენა მოახდინოს:
“პერზიდენტის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება პროცესამდე ორი დღით ადრე იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაკორექტულია და კანონის უხეში დარღვევით არის გაკეთებული და ჩვენი ქვეყნის რეალობის გათვალისწინებით იძლევა საფუძვლიანი შიშის და ეჭვის საფუძველს, რომ რეალურად სასამართლო გადაწყვეტილებაზე და გამოძიების შემდგომ მსვლელობაზე ამ განცხადებამ შეიძლება გავლენა იქონიოს”, – აცხადებს ლიკა წიკლაური. მისივე თქმით, არასწორი იყო პრეზიდენტის მიერ ხაზგასმა იმ ფაქტზე, რომ ალექსიძეს მხოლოდ ვაკეში სურს სწავლა, რადგან ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე–7 მუხლის თანახმად, პირმა განათლება საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს უნდა მიიღოს, ალექსიძე კი ვაკეში ცხოვრობს და სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს მისი განათლების უფლება.
ალექსიძის ადვოკატის შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლამ შეიძლება კიდევ უფრო შელახოს ბავშვის ისედაც შელახული უფლებები.
მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა მიუღებელია ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილისთვისაც. მისი თქმით, ბავშვს შესაძლოა სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნას:
“როცა გავლენიანი, ქვეყნის პირველი პირი ხარ და ამ შენი გავლენიანი პოზიციით ამხელა იარლიყს აკერებ, ეს ნიშნავს, რომ შენ მას შეიძლება ცხოვრება სამუდამოდ გაუფუჭო. რაც უფრო მეტად ეძახი ბავშვს, რომ ხულიგანია, მით უფრო მეტად არის შანსი იმისა, რომ ის მართლაც ხულიგანი გახდეს”, – ამბობს ჯანა ჯავახიშვილი
როგორც ალექსიძის დედა ნეტგაზეთისთვის ერთი თვის წინ მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემები მაშინვე დაეწყო:
“წარმოიდგინეთ, 15 წლის მოზარდია, გახდა დეპრესიული, ჩაკეტილი, სახლიდან საერთოდ არ გადის, ნერვიულობს, ძალიან შეურაცხყოფილია, სად უნდა ამტკიცოს, რომ უდანაშაულოა, რა დააშავა, ვერ გაუგია”, – აცხადებდა ლალი ლეკვეიშვილი. მისი თქმით, მოზარდის მდგომარეობა დღეს გაცილებით უარესია.
მიხეილ ალექსიძე 53–ე სკოლიდან, დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2011 წლის 13 ოქტომბერს გაირიცხა, საქმე ამავე დღეს ჯგუფური ხულიგნობის მუხლით აღიძრა. მიხეილ ალექსიძის გარიცხვასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ხვალ, 10 საათზე გაიმართება.