ახალი ამბები

“გაღლეტილი” მინისტრის ქონება

29 თებერვალი, 2012 •
“გაღლეტილი” მინისტრის ქონება

არის თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი გაღლეტილი, როგორც ეს პრეზიდენტმა თქვა?

“ვანო მერაბიშვილი, როგორი გაღლეტილიც იყო, როცა გავიცანი, როცა მამამისის „კამაზით“ იყო მთელი მათი ოჯახის შემოსავალი, მე ეჭვი მაქვს, ისეთივე გაღლეტილია დღეს“ – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 28 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას  დეპუტატ გია ცაგარეიშვილის რეპლიკის  საპასუხოდ გააკეთა.

ცაგარეიშვილმა ხელისუფლებაში არსებულ “ელიტური კორუფციის მტკიცებულებად” პრეზიდენტს გადასცა იმ ფეშენებელური სახლების ფოტოები, რომლებიც, მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს და სხვა მთავრობის წევრებს ეკუთვნით.

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი:

გაღლეტილ­ი (გაღლეტილისა) საუბ. მიმღ. ვნებ. ნამ. ვინც, რაც გაღლიტეს ან გაიღლიტა. – 1. გაყვლეფილი, გადატყავებული. || გადატ. გაღებული, მოღიავებული. ორ მეტრზეა ღობე გაღლეტილი, კვალი არ ჩანს, გადარეცხილია (ნ. დუმბ.). 2. გადატ. გაღარიბებული. განა ეს სამი ვაჟკაცი, ანდა თვითონ ბებერი შიოლაც არ ეყოფოდა იმ გაღლეტილ იაგორას? (გ. დოჩ.). მეც გაღლეტილი და უმუშევარი ვარ («თბილ. ფორ.»). 3. გადატ. გაიძვერა, გაქნილი. ძალიან გაღლეტილი კაცი ყოფილა ჩვენი ხელოსანი! (გ. წერეთ.). ◊ გაღლეტილის ერთი გაქნილი, გაიძვერა. ბედი კი არა, სახადია, სახადი…, [ლექსო] გაღლეტილის ერთია (ვ. ჩხიკვ.).

გაღარიბება (გაღარიბებისა) სახელი გააღარიბებს, გაღარიბდება ზმნათა მოქმედებისა. – 1. სიღარიბეში ჩავარდნა, შეძლების, ქონების დაკარგვა (საპირისპ. გამდიდრება). ჩემს უარესად გაღარიბებას ესეც ეყოფოდა (კ. კობ.). უნდა მოგახსენოთ, რომ ლურჯას წართმევა, ობლების კიდევ უფრო გაღარიბება დანაშაულად, აშკარა ქურდობად მიმაჩნია (კ. კობ.). 2. გადატ. რაიმეს შემცირება, გამოლევა.

შეესაბამება თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის ქონებრივი მდგომარეობა “გაღლეტილის” დეფინიციას, რა ქონებას  ფლობდა მერაბიშვილი ოფიციალურად 2004 წელს და რას ფლობს ახლა? როგორ ესმის სააკაშვილს სიტყვა “გაღლეტილი”?

2004 წელი

ვარდების რევოლუციის შემდეგ ვანო მერაბიშვილი უშიშროების საბჭოს მდივანი გახდა.

ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს, 2004 წლის 25 თებერვალს შვსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით,  მერაბიშვილის ქონება ასე გამოიყურებოდა:

ბინა თბილისში, საცხოვრებელი სახლი ახალციხეში და ავტომობილი.

საბანკო ანგარიშები:

500 დოლარი – ანაბარი-  “ინტელექტ ბანკი”

მერაბიშვილის მეუღლის, თამარ მერაბიშვილს საბანკო ანგარიშები:

700 დოლარი-  ანაბარი – “ინტელექტ ბანკი”;

14 ლარი და  1400 დოლარი – ანაბრები – “თი ბი სი” ბანკი;

ნაღდი ფული სახით მერაბიშვილს  2004 წელს 500 ლარი, ხოლო თამარ მერაბიშვილს 4000 დოლარი ჰქონდა.

2011 წელი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ივანე მერაბიშვილის ბოლო  დეკლარაცია 2011 წელსაა შევსებული და 2010 წლის მონაცემებს ასახავს. ამ დეკლარაციის მიხედვით მინისტრის ქონება ასე გამოიყურება:

მერაბიშვილი ფლობს 45 კვადრატული მეტრის ბინას თბილისში და 800 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ სახლს ახალციხეში.

ვანო მერაბიშვილის შემოსავალმა 2010 წელს 74 655.00 ლარი შეადგინა, ხოლო მისი მეუღლის, თამარ მერაბიშვილის შემოსავალმა – 12 800.00 ლარი.

მინისტრის საბანკო ანგარიშები დეკლარაციის შევსებისას  ასე გამოიყურებოდა:

140 036 ლარი – სახელფასო ანგარიში – “ბანკ ქართუ”
33 153 დოლარი, მიმდინარე ანგარიში- “საქართველოს ბანკი”
7 984 ლარი -მიმდინარე ანგარიში – “რესპუბლიკა ბანკში” ,
14 დოლარი- მიმდინარე “თი ბი სი”

0 ევრო– მიმდინარე “საქართველოს ბანკი

თამარ მერაბიშვილის ანგარიშები 2010 წელს:

33 044 ლარი- ანაბარი – “ბანკი ქართუ”
12 800 ლარი- სახელფასო ანგარიში – “თი ბი სი” ბანკი.

2011 წლის დეკლარაციის მიხედვით, არც ვანო მერაბიშვილის და არც თამარ მერაბიშვილის მფლობელობაში ავტომობილი არ არის.

შეგახსნებეთ, ზემოთმოყვანილი მონაცემები ამოღებულია თავად შინაგან საქმეთა მინისტრის ქონებრივი დეკლარაციიდან და ასახავს იმ ქონებას, რომელიც თავად მერაბიშვილმა გაასაჯაროვა.

საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციებში მითითებული ქონების სიზუსტის დადგენას ამა თუ იმ საჯარო უწყების მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი