ახალი ამბები

უნდა უწოდოს თუ არა პრეზიდენტმა ბავშვს ხულიგანი?

29 თებერვალი, 2012 •
უნდა უწოდოს თუ არა პრეზიდენტმა ბავშვს ხულიგანი?

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილისთვის პრეზიდენტის შეფასება მიხეილ ალექსიძესთან დაკავშირებით მიუღებელია. მისი თქმით, არანაირი გამართლება არ აქვს ბავშვის “ხულიგნად” მოხსენიებას:

“ამ ტიპის იარლიყები ბავშვებს არ უნდა მივაკეროთ, ქცევის შეფასება, რომ ბავშვი სწორად არ იქცევა, კიდევ შეიძლება, მაგრამ როდესაც პიროვნებას ეხები, მით უმეტეს, როცა გავლენიანი, ქვეყნის პირველი პირი ხარ და ამ შენი გავლენიანი პოზიციით ამხელა იარლიყს აკერებ, ეს ნიშნავს, რომ შენ მას შეიძლება ცხოვრება სამუდამოდ გაუფუჭო”, – ამბობს ჯანა ჯავახიშვილი. მისივე თქმით, განსაკუთრებით მიუღებელია ის, რომ გაჟღერდა ბავშვის სახელი და გვარი:

“ყველას აქვს გამოსწორების შანსი, აქედან რომ დავიწყოთ. ასევე, ეს სადავო შემთხვევა იყო და არავინ იცის, ეს ბავშვი სამართლიანად დასაჯეს თუ უსამართლოდ, უნდა ტარდებოდეს აღზრდისკენ მიმართული ღონისძიებები და არა იარლიყების მინიჭებაზე და საზოგადოებიდან გაგდებაზე”, – განაცხადა ჯანა ჯავახიშვილმა.

28 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა 53–ე სკოლიდან გარიცხულ მიხეილ ალექსიძეს ხულიგანი უწოდა. ეს იყო პასუხი უმცირესობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მიხეილ ალექსიძეს სახელმწიფომ განათლების უფლება წაართვა.

”თქვენ ახსენეთ აქ ერთი ხულიგანი, რომელიც გარიცხეს 53–ე სკოლიდან იმისთვის, რომ დირექტორზე გაიქაჩა და მერე თქვა, რომ ვაკეში თუ არ ვისწავლი, ისე არსად არ ვისწავლიო. მე კარგად მახსოვს ეს ისტორია და მახსოვს იმიტომ, რომ ეს არის გამონაკლისი. 10 წლის წინ ასეთი ხულიგნები მართავდნენ სკოლებსა და კლასებს. ჩემი და თქვენი შვილები დადიან სკოლაში და არ გვეშინია, რომ ვინმე დანას და “სპიცს” გაუყრის და ეს იმიტომ, რომ ასეთი ხულიგნები აღარ არიან. ჩემი მიზანია, რომ სანამ ეს მე მომეკითხება, კრიმინალი არასდროს დაბრუნდეს საქართველოში და არასდროს დაბრუნდეს სკოლებში, ჩვენი სკოლები იყოს 100%–ით უსაფრთხო,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ალექსიძე და ირაკლი მჭედლიშვილი 53–ე სკოლიდან 2011 წლის ოქტომბერში გარიცხეს და  საქმე ხულიგნობის მუხლით აღძრეს. მოსწავლეები მოწმის სტატუსით დაკითხეს და  საქმე ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი