ახალი ამბები

პოლიციაში დაკითხვის შემდეგ მოქალაქე გარდაიცვალა

29 თებერვალი, 2012 • • 1914
პოლიციაში დაკითხვის შემდეგ მოქალაქე გარდაიცვალა

ხაშურის ახლადაშენებული პოლიციის განყოფილება
ხაშურის ახლადაშენებული პოლიციის განყოფილება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონულ  სამმართველოში ხაშურის მკვიდრი, 1965 წელს დაბადებული სოლომონ ქიმერიძე მას შემდეგ დაიღუპა, როცა პოლიციელებს ის შენობაში დაკითხვის მიზნით ჰყავდათ შეყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, ქიმერიძე პოლიციის განყოფილებაში მესამე სართულიდან მეორე სართულზე ჩამოსვლისას კიბიდან გადმოვარდა.

შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 27 თებერვალს ხაშურში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ბინის ქურდობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით  ხაშურის რაიონულ პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა სოლომონ ქიმერიძე.

”დაკითხვის დროს ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე  კიბეებზე ჩამოსვლისას   კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები.  პოლიციის თანამშრომლების მიერ დაუყოვნებლივ გამოძახებული იქნა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოლომონ ქიმერიძე  გადაყვანილი იქნა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში. მიმდინარე წლის  28 თებერვალს, სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრამვების გამო, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა,” – წერია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიება  შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი