ახალი ამბები

ვირტუალურ არჩევნებს ლიდერი საკუთარი და არა ბაქრაძის ნებით გამოეთიშა

28 თებერვალი, 2012 •
ვირტუალურ არჩევნებს ლიდერი საკუთარი და არა ბაქრაძის ნებით გამოეთიშა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის facebook გვერდზე გამართული ვირტუალური არჩევნების მონაწილე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ არჩევნებიდან კანდიდატურა საკუთარი ნებით მან მოხსნა და არა დავით ბაქრაძემ.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც წაიკითხა , რომ ისანი–სამგორის რაიონის სკოლებში მოსწავლეებს დავით ბაქრაძის გვერდი დაალაიქებინეს და ვირტუალურ არჩევნებში ერთ–ერთი კანდიდატისთვის მიაცემინეს ხმა,  ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო:

“საუბარი იყო თითქოსდა ჩემი კანდიდატები დადიოდნენ და ხმებს აგროვებდნენ, ზედმეტი კითხვები რომ არ ყოფილიყო ამიტომ მე ჩემი ნებით მოვხსენი კანდიდატურა მაგრამ შემდეგ ბატონმა დავითმა სტატუსი დადო რომ ჩემი ხმები მაინც ანულირებული იქნებოდა, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. მე ვერც ერთი ადამიანი ვერ მეტყვის, რომ პირადად მნახა სკოლაში მისული, ასევე არ მისულან ჩემი მეგობრები, მაგრამ დაიწერა და ფაქტი თვითონ ცუდი იყო,  ჩემთვის პირადად ჩემი რეპუტაცია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ვირტუალური არჩევნები, ამიტომაც მოვხსენი კანდიდატურა”, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ლევან ხაბეიშვილი ისანი–სამგორის რაიონის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელია, მოსწავლეების განცხადებით სკოლაში სწორედ გამგეობის წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა ხაბეიშვილი ამ ფაქტს უარყოფს.

პარლამენტის პრესსამსახურის უფროსის მაკა გიგაურის განცხადებით კი კანდიდატი წესების დარღვევის გამო მოიხსნა:

“მე ზუსტად არ ვიცი მართლა ეს ადამიანი იყო ჩართული ამ პროცესში, თუ ვინმემ მის მაგივრად გააკეთა, ეს არის თამაში და ზედმეტი გამოძიება არ არის საჭირო. ჩავთვალეთ რომ ეს იყო თამაშის წესების დარღვევა და მოვხსენით კანდიდატი”, – განაცხადა მაკა გიგაურმა, მისივე თქმით ამ საკითხთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.

ნეტგაზეთი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს ნინო პოტრჟებსკაიას დაუკავშირდა, თუმცა მან ტელეფონი გაგვითიშა, შემდეგ კი ზარებისთვის მთელი დღის განმავლობაში აღარ უპასუხია.

მასალების გადაბეჭდვის წესი