ახალი ამბები

“ქართული ოცნება” კონტროლის პალატის წინააღმდეგ დავას სასამართლოში გააგრძელებს

27 თებერვალი, 2012 • 931
“ქართული ოცნება” კონტროლის პალატის წინააღმდეგ დავას სასამართლოში გააგრძელებს

“საქართველოს კონტროლის პალატამ დღეს მორიგი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო,” – ასე აფასებენ “ქართულ ოცნებაში” აღნიშნული ორგანიზაციის 200 ათასი ლარით დააჯარიმების თაობაზე კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას.

“ქართულ ოცნებაში” განმარტავენ, რომ 6 თებერვალს მათ კონტროლის პალატას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს, რომლის განხილვაც 2 მარტსაა დანიშნული.

“ამდენად, თუ 2 მარტს დაკმაყოფილდება საჩივარი და საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებაზე“ არ გავრცელდება კონტროლის პალატის მონიტორინგი, მაშინ კონკრეტული პირების მოქმედებებში სამართალდარღვევის ნიშნების ძიება აზრს დაკარგავს. ამიტომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ადვოკატებმა შუამდგომლობით მიმართეს კონტროლის პალატას და მოსთხოვეს მას, 27 თებერვალს, დილის 10 საათზე დანიშნული საქმის განხილვა გადაედო 2 მარტისთვის, ანუ მთავარი სხდომის ჩატარებამდე, რაც კონტროლის პალატამ სრულიად უკანონოდ არ დააკმაყოფილა”, – ნათქვამია “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ უკანონოა კონტროლის პალატის დღევანდელი დადგენილება შემოწირულობის განხორციელების კანონიერებასა და ყველა პირის ერთდროულად დაჯარიმებასთან დაკავშირებით, როგორც არსებითი, ისე პროცედურული საფუძვლების გათვალისწინებით.

“საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ აგრძელებს ბრძოლას სასამართლოში და კვლავაც შეეცდება სამართლებრივი გზით შეაჩეროს კონტროლის პალატის უკანონო მოქმედებები”, – აცხადებენ “ქართულ ოცნებაში”.

კონტროლის პალატამ დღეს “ქართული ოცნება”, შპს “”ქართუ მშენებელი” და მისი თანამშრომელი ნუგზარ ხუციშვილი, ჯამში, 600 ათასი ლარით დააჯარიმა. კონტორლის პალატაში აცხადებენ, რომ მათ გაშიფრეს კანონსაწინააღმდეგო სქემა, რომლის მიხედვით, “ქართულ ოცნებაში” შპს “ქართუ მშენებლის” თანამშრომელმა საკუთარი პრემიის ნახევარი გადარიცხა. კონტროლის პალატის განმარტებით, სახეზეა იურიდიული პირის მიერ ფიზიკური პირის გამოყენებით განხორციელებული უკანონო შემოწირულობის ფაქტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი