ახალი ამბები

რურუა: “ჯვრის მონასტრის დაბრუნება რთული პროცესია”

27 თებერვალი, 2012 • 1059
რურუა: “ჯვრის მონასტრის დაბრუნება რთული პროცესია”

საქართველოს კულტურის მინისტრი ნიკა რურუა ასაიდუმლოებს იმ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებასთან დაკავშირებით იმუშავებს, თუმცა აღიარებს, რომ მონასტრის დაბრუნება რთული პროცესია:

‘”საქართველოსთვის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნება ადვილი საქმე არ არის, ეს ძალიან რთული პროცესია. ნაადრევი დასკვენების გაკეთება რეზულტატისთვის სასარგებლო არ იქნება. სამუშაო ჯგუფის წევრების ვინაობას და ტექნიკურ საკითხებს კონფიდენციალურად ვტოვებ, რეზულტატი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი
სასწორზე დადება არ მიღირს”, – ნათქვამია მინისტრის ოფიციალურ განცხადებაში.

იმის შესახებ, რომ იერუსალიმის მონასტრის დაბრუნებაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს, მიხეილ სააკაშვილმა 25 თებერვალს გორში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

“უნდა დადგეს საკითხი, რომ ჯვრის მონასტერი დაუბრუნდეს საქართველოს და ქართულ ეკლესიას. იქ ისევ აღევლინოს ქართულად ლოცვა. ის იყოს საქართველოს ეკლესიის, ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილი, როგორც იყო საუკუნეების განმავლობაში”– აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა  განაცხადა, რომ ჯვრის მონასტერში დაცული ქართული სიწმინდეების დაბრუნების საკითხი 2006 წელს, იერუსალიმში პირველი ვიზიტისას დააყენა.

ისრაელში ვიზიტის შემდეგ წმინდა მიწაზე დაბრუნების საკითხს შეეხო საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II-ც:

“ჯვრის მონასტერი თქვენ იცით რომ ქართული მონასტერია. ჩვენ იმედი გაგვიჩნდა რომ დაბრუნდება ის ძველი დრო, როცა ქართველები მოღვაწეობდნენ წმინდა მიწაზე”, – აღნიშნა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

პატრიარქი ისრაელში 16 თებერვლიდან 25 თებერვლამდე იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი