ახალი ამბები

“ქართული ოცნება”, “ქართუ მშენებელი” და მისი თანამშრომელი დააჯარიმეს

27 თებერვალი, 2012 •
“ქართული ოცნება”, “ქართუ მშენებელი” და მისი თანამშრომელი დააჯარიმეს

კონტროლის პალატამ “ქართული ოცნება”, შპს “”ქართუ მშენებელი” და მისი თანამშრომელი ნუგზარ ხუციშვილი, ჯამში, 600 ათასი ლარით დააჯარიმა.

კონტორლის პალატის ინფორმაციით, მან გაშიფრა კანონსაწინააღმდეგო სქემა, რომლის მიხედვით, “ქართულ ოცნებაში” შპს “ქართუ მშენებელის” თანამშრომელმა საკუთარი პრემიის ნახევარი გადარიცხა.

“საქართველოს კონტროლის პალატამ შპს “ქართუ მშენებელის” თანამშრომლის, ნუგზარ ხუციშვილის მიერ მოძრაობა “ქართული ოცნებისთვის” შემოწირულობის საკითხი შეისწავლა და მიიჩნია, რომ სახეზე იყო იურიდიული პირის მიერ ფიზიკური პირის გამოყენებით განხორციელებული უკანონო შემოწირულობის ფაქტი.

ნუგზარ ხუციშვილს შპს “ქართუ მშენებელში” რამდენიმეწლიანი მუშაობის განმავლობაში პრემია არასოდეს მიუღია. მისი თვიური ხელფასია 1000 ლარი. შესაბამისად, 1 წელიწადში ხელფასის ჯამური ოდენობა შეადგენს 12 000 ლარს.

“ქართუ მშენებელთან” გარიგების შედეგად ნუგზარ ხუციშვილს პრემიის სახით 6 თებერვალს ჩაერიცხა 40 000 ლარი, საიდანაც 20 000 ლარი 3 დღეში “ქართული ოცნების” ანგარიშზე შეიტანა. ხუციშვილის მიერ ჩვეულებრივისაგან განსხვავებული რაიმე სამუშაოს შესრულების ფაქტი, რაც მისი წახალისების საფუძველი გახდებოდა, ვერ დადასტურდა.

მიღებული პრემია სრულად შეუსაბამოა მის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან და ხელფასის ოდენობასთან.

პრემიის მიღებიდან სულ რაღაც სამ დღეში შპს “ქართუ მშენებლის” მიერ თითქოსდა პრემიის სახით გაცემული თანხა ხვდება “ქართული ოცნების” ანგარიშზე,”-ნათქვამია კონტროლის პალატის ინფორმაციაში.

კონტროლის პალატამ, რომელმაც 20 000 ათასიანი შემოწირულობა უკანონოდ მიიჩნია, ნუგზარ ხუციშვილი ამ თანხის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა.

კონტროლის პალატამ ასევე დააჯარიმა “ქართული ოცნება”.

მან მიიჩნია, რომ “ქართული ოცნებისთვის” ცნობილი იყო მის ანგარიშზე განხორციელებული უკანონო შემოწირულობის თაობაზე, რომელიც, კანონის შესაბამისად, 3 დღის ვადაში უნდა დაებრუნებინა უკან შემომწირველისთვის.

“თუმცა “ქართულმა ოცნებამ” არც საკუთარი ინიციატივით შეასრულა კანონი, არც კონტროლის პალატის მიმართვა გაითვალისწინა და უარი თქვა ვალდებულების შესრულებაზე”-აცხადებენ კონტორლის პალატაში.

კონტორლის პალატამ “ქართული ოცნება” 200 000 ლარით დააჯარიმა.

კონტორლის პალატის ინფორმაციით, კანონსაწინააღმდეგო სქემების გამოყენებით ხორციელდება სხვადასხვა სუბიექტის პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსება.

ის მიმართავს ფიზიკური პირებს, შეიკავონ თავი ამ ქმედებებისგან.

“წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე გავრცელედება კანონით გათვალისწინებული სანქციები”,-აცხადებენ კონტროლის პალატაში, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ კანონმდებლობა არ ზღუდავს მოქალაქეებს, თავისი პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით, კანონის შესაბამისად განახორციელონ პოლიტიკური საქმიანობა და შემოწირულობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი