კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრესსამსახურის ხატია ყურაშვილის განცხადებით, შპს ”იგრიკა”–ს მოთხოვნა, რადიოსიხშირული სპექტრის გაცემასთან დაკავშირებით იმიტომ ფერხდება, რომ კომისიის წევრები მივლინებაში იმყოფებიან საზღვარგარეთ.
“მარეგულირებელი კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი 2 მარტის ჩათვლით არის შვებულებაში. კომისიის სხდომა რომ გაიმართოს მინიმუმ სამი წევრის ყოფნა არის საჭირო. ირაკლი ჩიქოვანი, კომისიის თავჯდომარე იმყოფება ესპანეთში მივლინებით. აკაკი სიხარულიძე ვერ მოვიდა კომისიის სხდომაზე, იმიტომ რომ გახდა ავად. სხდომაზე იყვნენ მხოლოდ სოფიო ბრიტანჩუკი და ირაკლი მოსეშვილი, რაც არ იყო საკმარისი კომისიის სხდომის გამართვისთვის,” – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” ყურაშვილი.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში, როგორც კი იქნება კვორუმი, (აკაკი სიხარულიძე, სოფიო ბრიტანჩუკი, ირაკლი მოსეშვილი და კარლო კვიტაიშვილი) მინიმუმ სამი წევრი იქნება კომისიაში, ჩაინიშნება სხდომა და შემდგომ გაიმართება.
“როგორც წესი კომისიაში სხდომები პარასკეობით იმართება და სავარაუდოდ პარასკევს გაიმართება, იმ შემთხვევაში თუ იქნება კვორუმი,” – აღნიშანა ყურასვილმა, თუმცა, ვერ დააკონკრეტა, ჩატარდება თუ არა სხდომა პარასკევს. აქვე დასძინა, რომ შეფერხების სხვა არანაირი პრობლემა არ არსებობს.
პრესსამსახური ასევე განმარტავს შპს “იგრიკას” მოთხოვნას.
შპს”იგრიკა” ითხოვს რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობს ლიცენზიას რადიო სარელეო კავშირისთვის. ეს არის სააუქციონო სხდომა, რომელიც არ გაიმართა ქვორუმის არარსებობის გამო,” – აღნიშნა ყურაშვილმა.
კითხვაზე, რა საჭიროა რადიოსიხშირის ლიცენზიის მოპოვება სატელევიზიო სიხშირისთვის, ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნონა ყანდიაშვილი შემდეგნაირად განმარტავს: “რადიოსიხშირეები საჭიროა ტელევიზიის მუშაობისთვის, ყველა ტელევიზიას აქვს რადიო სიხშირე, იმისათვის, რომ გაკეთდეს პირდაპირი ჩართვები, ანუ ტელევიზიის ფუნქციონირებისთვის საჭიროა რადიო სიხშირეების ლიცენზიის მიღება. ეს არ უკავშირდება კონკრეტულად რადიოს,” – აღნიშნავს ყანდიაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს, 27 თებერვალს, საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანია “მეცხრე არხისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხს მარეგულირებელი ეროვნული კომისია მიზანმიმართულად უშლის ხელს.
“მე რამდენადაც ვიცი, ვერ მოხერხდა კვორუმის შეკრება ეროვნულ საკომუნიკაციო საბჭოში, და მისი ორი წევრი – აკაკი სიხარულიძე და თუ არ ვცდები კვიტაიშვილი გვარად არ მიდიან კომისიის სხდომაზე და ამით ხელოვნურად უშლიან ხელს კვორუმის შეკრებას. ამ საკითხზე მე ახლა განსაკუთრებული პოზიცია არ მაქვს, იმიტომ რომ ეს არის დამოუკიდებელი ტელევიაზია, რომელიც ჩამოყალიბდება დამოუკიდებებლ და ობიექტურ ტელევიზიად. რაც შეეხება ეროვნული კომუნიკაციების სამსახურს, მინდა შევახსევნო ამ ორ წევრს, რომელთა არ მისვლის გამოც კვორუმი არ იკრიბება, რომ მათ ჩვენ, ქართული საზოგადოება, მოქალაქეები ვუხდით 10 ათასზე მეტ ხელფასს. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ისინი ხელოვნურად უშლიან ხელს კვორუმის შეკრებას, ვფიქრობ, ხელისუფლებას ობიექტური ტელევიზია არ აწყობს, თუმცა, როცა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრი ამხელა ხელფასს იღებს, ის ვალდებულია საკუთარი სამუშაო შეასრულოს და სხდომას დაესწროს”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.