ახალი ამბები

“ტელეგრაფი”: ერდოღანი თურქეთის მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს

16 ივლისი, 2016 • 1389
“ტელეგრაფი”: ერდოღანი თურქეთის მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს

ტელეგრაფის ცნობით, თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი TRT იუწყება, რომ თურქეთი ახლა “მშვიდობის საბჭოს” კონტროლის ქვეშაა და საზოგადოების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ტელეგრაფის ცნობითვე, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ გადატრიალება წარმატებით დასრულდება და მოქალაქეებს მოუწოდა, ქუჩაში გამოვიდნენ და წინააღმდეგობა გაუწიონ სამხედრო გადატრიალებას.

პრემიერ-მინისტრი ილდირიმი კი ამბობს, რომ სიტუაციას აკონტორლებენ. პრეზიდენტის ოფისიდან “როიტერსს” აცნობეს, რომ პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას ცდილობენ და მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. 

პრემიერის თქმით, სამხედროების ნაწილი უკანონოდ ცდილობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. პრემიერ-მინისტრმა ბინალ ილდირიმმა განაცხადა, რომ თურქეთის დემოკრატიას ვერაფერს დაუშავებენ და მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდა. “ძალაუფლებას კვლავ ხალხის მიერ არჩეული მთავრობა ინარჩუნებს. მთავრობა წავა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას ხალხი იტყვის,”- ამბობს ილდირიმი.

პრეზიდენტის მიერ გავრცელებული განცხადებით, “ძალაუფლებას თურქეთის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და მთავრობა ფლობენ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენს დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ”.

თურქეთის სამხედრო ძალები ამბობენ, რომ პრეზიდენტ ერდოღანის რეჟიმი დაამხეს და ქვეყანას ისინი აკონტროლებენ. “ტელეგრაფი” წერს, რომ მათი განცხადებით, “კანონის უზენაესობას პრიორიტეტად უნდა დარჩეს”.

“ტელეგრაფის” ცნობით, თურქეთში დაიბლოკა ტვიტერი, ფეისბუკი და იუთუბი. გაუქმდა ყველა ფრენა სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან.

სტამბოლსა და ანკარაში მძიმე სამხედრო ტექნიკაა შეყვანილი. უცხოური მედიის ცნობით, ანკარაში ისმოდა სროლაც. გზები გადაკეტილია თურქეთის სხვა ქალაქებშიც. სტამბულში კი ჯარის მიერ ბლოკირებულია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ორივე ხიდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი